UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა

უეფა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალებიდან VAR სისტემას გამოიყენებს

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დუბლინში გამართულ შეკრებაზე გადაწყვიტა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპიდან VAR სისტემა, ანუ, ვიდეორეფერის დახმარება გამოიყენოს. აღნიშნული ტექნოლოგია იქნება ევროპა ლიგის ფინალში, ერთა ლიგის ფინალურ ეტაპსა და ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დასკვნით სტადიაშიც.

"მზად ვართ, VAR სისტემა დაგეგმილზე ადრე გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებს სასიკეთოდ წაადგებათ. ვიდეორეფები მსაჯებს დაეხმარება და შეცდომების რაოდენობას შეამცირებს", - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.

გარდა ამისა, VAR სისტემა გამოყენებული იქნება 2019 წლის უეფას სუპერთასის მატჩშიც, რომელიც სტამბულში ჩატარდება. უეფა გეგმავს, რომ ვიდეორეფერიმ ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე, ევროპა ლიგის 2020/2021 წლის სეზონზე და 2021 წლის ერთა ლიგის ფინალურ სტადიაზეც იმუშავოს.

კომენტარები