ვალების განულება

მაჭავარიანი: სესხების განულების შესახებ ვებგვერდის გაშვება შესაძლოა დაგვიანდეს

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე, თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ.

მისივე ინფორმაციით, შესაძლოა ამის გამო დაგვიანდეს იმ ვებგვერდის გაშვება, სადაც მოსახლეობას შეეძლება მოიძიოს საკუთარი თავი სესხების პატიების პროგრამაში.

"ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს იმის გამო, რომ დაახლოებით, 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან. ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. "შავი სიიდან" ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ, გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ქართუ" ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების განულების პროექტისთვის ბანკის წლევანდელ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.

კომენტარები