აშშ-ჩინეთი

ტრამპი: ჩინეთი თანახმაა შეამციროს ტარიფები აშშ-დან იმპორტირებულ მანქანებზე

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ჩინეთი ამერიკულ ავტომობილებზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე დათანხმდა:

"ჩინეთი თანახმაა შეამციროს და მოხსნას ტარიფები ჩინეთში აშშ-დან შეტანილ მანქანებზე. ამჟამად ტარიფი 40%-ია."

 

ჩინეთს პრეზიდენტი ტრამპის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაიმართა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო 90 დღის მანძილზე მოლაპარაკებების წარმოებისათვის ტარიფებს აღარ გაზრდიან.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, აშშ მომავალი წლიდან ჩინური პროდუქტისათვის ტარიფების 10-დან 25%-მდე გაზრდას გეგმავს. აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი და ტარიფების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა ჩინეთი დაადანაშაულა, რომ უსამართლო სავაჭრო პოლიტიკა აქვთ.

ავტომობილებზე ტარიფები აშშ-მა 2.5%-დან 27.5%-მდე გაზარდა, ხოლო ჩინეთმა 15%-დან 40%-მდე.

მიმდინარე წლის ივლისიდან აშშ-მა ჩინეთს 250 მილიარდი აშშ-დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები დაუწესა. ამავე პერიოდში, ჩინეთმა საპასუხოდ აშშ-ს 110 მილიარდი აშშ-ის დოლარის ღირებულების საქონელზე დაუწესა ტარიფები. დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება უკვე დაწესებულ ტარიფებს არ შეეხება.

კომენტარები