თავდასხმა ჟურნალისტზე

გახარია "არა ნაციზმის" ოფისში მომხდარ ინციდენტზე: საქმეს ავიყვანთ კონტროლზე

ჟურნალისტების უფლება ჩვენს ქვეყანაში არის სრულად დაცული და თავისუფლება აბსოლუტური,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული ინციდენტის კომენტირებისას თქვა. 

მისი თქმით, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტროლზე აიყვანს.

"ამ საქმეს ავიყვანთ კონტროლზე და ეს იქნება კიდევ ერთი პრეცედენტი, მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რამდენად და რა ხარისხის თავისუფლება აქვს მუშაობის დროს ჟურნალისტს",- ამბობს გახარია. 

ორგანიზაცია "არა ნაციზმის" ოფისში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ დაესხნენ.

როგორც რუსთავი 2-ში აცხადებენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციის წევრები ჟურნალისტებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრუებაში ხელს უშლიან.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადამღებ ჯგუფს, ასევე დააზიანეს კამერა და ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონი.

ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო: 187-ე, 154-ე და 160-ე მუხლებით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს",- აცხადებენ შსს-ში. 

ცნობისთვის, "სახალხო მოძრაობა – არა ნაციზმის" ფეისბუქზე გვერდი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში შეიქმნა. გვერდზე ეწერა, რომ ჯგუფი იმ ამომრჩევლებს გაუწევდა დახმარებას, რომლებიც ხმას რეგიონებში აძლევდნენ და წასვლის საშუალება არ ჰქონდათ

კომენტარები