არჩევნები 2018

კობახიძე: ეუთოს რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი კანონში შესატან ცვლილებებს ეხებოდა

ქართული ოცნება

"მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება," - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩევნების მიმდინარეობას აფასებს. კობახიძე ამბობს, რომ ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიული განვითარების მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯი წინ. კობახიძემ ამომრჩეველს, სახელისუფლებლო სტრუქტურებს და დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს დასკვნაზეც ისაუბრა და ყურადღება რეკომედაციების ნაწილზე გაამახვილა. მისი თქმით, რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს ეხებოდა.

„მე განსაკუთრებით ყურადღებით გაეცანი ეუთოს რეკომენდაციებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მე მინდა, მათ, ზოგადად,მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. უნდა განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც არის განსახორციელებელი უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, აქვე დავდოთ ეს პირობა, რომ ეუთოს შესაბამისი რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით შესწავლილი და მხედველობაში მიღებული და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს ჩვენს კანონმდებლობაში“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს დასკვნაში საუბარი არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორის დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ნეგატიურ კამპანიაზე, ხისტ რიტორიკასა და ძალადობრივ ინციდენტებზე.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, წინასაარჩევნოდ, 600 000 მოქალაქისთვის სესხის განულების დაპირება შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ერთობლივ ანგარიშში წერია, რომ მათი დამკვირვებლების თვალთახედვის არეში მოექცა "საყოველთაოდ გავრცელებული ძალზედ აგრესიული და ძალადობრივი რიტორიკა". მათი თქმით, ეს რიტორიკა ისმის სატელევიზიო გადაცემებში, სოციალურ ქსელებსა და დემონსტრაციების დროს. ასევე, ჩანს პარტიის მაღალჩინოსანი წევრებისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ გაკეთებული ცალკეულ განცხადებებში.

სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტურ გარემოში ჩატარდა, ერთი მხარე "საფუძველს მოკლებული უპირატესობით" სარგებლობდა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ერთობლივ ანგარიშში წერია, რომ "ორივე მხარის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის უარყოფითი ხასიათი საფრთხის ქვეშ აყენებდა ზოგადად მთელ საარჩევნო პროცესს". საერთაშორისო მისია აღნიშნავს, რომ მეორე ტურამდე ჩატარებული საჯარო დემონსტრაციები წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი იყო და ფართოდ გამოიყენებოდა ნეგატიური კამპანიის საწარმოებლად.

კომენტარები