არჩევნები 2018

ეუთო: ნეგატიური წინასაარჩევნო კამპანია საფრთხის ქვეშ აყენებდა მთელ საარჩევნო პროცესს

ghn.ge

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტურ გარემოში ჩატარდა, ერთი მხარე "საფუძველს მოკლებული უპირატესობით" სარგებლობდა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ერთობლივ ანგარიშში წერია, რომ "ორივე მხარის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის უარყოფითი ხასიათი საფრთხის ქვეშ აყენებდა ზოგადად მთელ საარჩევნო პროცესს". საერთაშორისო მისია აღნიშნავს, რომ მეორე ტურამდე ჩატარებული საჯარო დემონსტრაციები წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი იყო და ფართოდ გამოიყენებოდა ნეგატიური კამპანიის საწარმოებლად.

"მეორე ტურამდე პერიოდი გამოირჩეოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციებით და ანტისამთავრობო მანიფესტაციების სიმრავლით, რამაც უფრო მეტად შეუწყო ხელი დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს არსებობას. ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა რამდენიმე სახალხო მოძრაობამ რამდენიმე დემონსტრაცია გამართა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უარყოფით კონტექსტში იყო მოხსენებული.

წინასაარჩევნო კამპანიისას ამჯერადაც დომინირებდა სადავო თემები - რომელთა მიმართაც ქართული საზოგადოება, როგორც ჩანს, მეტისმეტად მგრძნობიარეა. შედეგად, თითქმის აღარ რჩებოდა შესაძლებლობა, წინასწარ გაწერილი წინასაარჩევნო პროგრამის წარმოსადგენად და მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირებული დებატების გასამართად, რაც კიდევ უფრო მეტად ასუსტებდა ამომრჩეველთა შესაძლებლობას, გაეკეთებინათ გაცნობიერებული არჩევანი" - წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა უფასო და ფასიანი საეთერო დრო ნეგატიური კამპანიისთვის უფრო გამოიყენა, ვიდრე საკუთარი კანდიდატურის რეკლამირებისთვის.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ "საჯარო მანდატის, სამართლებრივი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ", საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი მკვეთრად მიკერძოებული იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მისი კანდიდატის წინააღმდეგ, ხოლო მხარს უჭერდა ქართულ ოცნებას და მის მხარდაჭერილ კანდიდატს.

კომენტარები