თამაზ ახობაძის საქმე

თამაზ ახობაძე ორშაბათიდან იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას აპირებს

ტაბულა

იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თამაზ ახობაძე, ორშაბათიდან იუსტიციის სამინისტროს შენობასთან შიმშილობის დაწყებას აპირებს. როგორც ახობაძე განმარტავს, წერილი, რომლითაც მის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უპასუხა დამცინავია და მის დისკრედიტაციას ემსახურება. 

ახობაძის ინფორმაციით, წერილში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, განსაზღვრულია თამაზ ახობაძის აღდგენა არა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, არამედ ტოლფას თანამდებობაზე და რომ თამაზ ახობაძე ამ თანამდებობისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო პირობებს ვერ აკმაყოფილებდა.

"როგორც იქნა დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უპასუხა საქართველოს მთავრობას. პასუხი არის ამაზრზენი და დამცინავი. რამდენიმე ფაქტი:

1. ჩემს შეკითხვაზე "როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, როდესაც სახელმწიფო არ აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას?" ცენტრი პასუხს იწყებს ასე: "ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და სამართლებრივი პროცედურების განმარტება არ უნდა წარმოადგენდეს კორესპონდენციის ავტორის ნამდვილ მიზანს...

2. თამაზ ახობაძე ცდილობს ისე წარმოაჩინოს ვითარება, როდესაც არსებობს აღსასრულებელი გადაწყვეტილება და სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს უბრალო უმიზეზო უმოქმედობას. ამგვარად ვითარების წარმოჩენა სრულიად მოკლებულია საფუძველს და უბრალოდ არ შეეფერება სინამდვილეს;

3. გადაწყვეტილებით განსაზღვრულია თამაზ ახობაძის აღდგენა არა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, არამედ ტოლფას თანამდებობაზე. თამაზ ახობაძე ამ თანამდებობისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო პირობებს ვერ აკმაყოფილებდა;

წერილი სრულად ემსახურება ჩემს დისკრედიტაციას." - წერს ახობაძე. 

ახობაზე ასევე განმარტავს, რომ მას არ აქვს პოლიტიკური მოთხოვნები და არავის გადაგომას ითხოვს და რომ ის მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების აღსულებას ითხოვს.

"მე ვიწყებ შიმშილობას იუსტიციის სამინისტროს წინ; თუ მოხვალთ გამიხარდება. თუმცა აქვე ვამატებ, რომ მე არ მაქვს პოლიტიკური მოთხოვნები - გადადგეს მთავრობა ან თუნდაც გადადგეს წულუკიანი, მე ვითხოვ აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება ან მომირიგდნენ ისე, რომ ეს მორიგება იყოს სამართლიანი. რადაც არ უნდა დამიჯდეს ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე. 5 წელი ტყუილად არ მიბრძვია." - წერს ახობაძე.

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოში მეორედ 23 ივლისს მოუგო. უზენაესის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს მეორედ დაევალა ახობაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება. 

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება თამაზ ახობაძის მიმართ ამ დრომდე არ შეუსრულებია - იმ პოზიციაზე, რომელსაც ის იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ რადგან მის სამუშაო ადგილს ეხებოდა დავა, ის თავიდანვე ჩართული უნდა ყოფილიყო პროცესში და ამის გამო ითხოვდა სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დავის თავიდან დაწყებას. სააპელაციო სასამართლომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმის თავიდან განხილვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა და ძალაში დატოვა 2017 წლის 9 მარტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს ახობაძის დანაშაულის პრევენციის ცენტრში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

კომენტარები