არჩევნები 2018

ხულოში ქმრის ნაცვლად ხმა ცოლმა მისცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხულოს N1 უბნის ამომრჩეველი, რომელსაც ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა, სახლში არ იყო და მის ნაცვლად ხმა მისმა ცოლმა მისცა. 

ცესკო-ს პრესსპიკერის თქმით, როცა გადასატანი ყუთი მიუტანეს, ამომრჩეველი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

"ვინაიდან დაირღვა პროცედურა, გადასატან საარჩევნო ყუთს მიიტანენ საოლქო საარჩევნო კომისიაში და შესაბამისი კომისია იმსჯელებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობაზე", - თქვა ანა მიქელაძემ.

გარდა ამისა, ცესკო-ს პრესსპიკერი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ვაკის N2 და N14 უბნებზე ყალბი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის შესახებ. ანა მიქელაძის თქმით, ერთ შემთხვევაში, მოქალაქეს ჰქონდა სამართლებრივად ვალიდური პირადობის მოწმობა, მაგრამ ის იყო დიდი ხნის აღებული და გაცრეცილი, ხოლო მეორე შემთხვევაში დაფიქსირდა ხარვეზი - პირადობის მოწმობის შეუმოწმებლობა.

გარდა ამისა, ცესკო-ს ინფორმაციით, დიდუბის N11-ე უბანზე იმყოფებოდა უფლებამოსილი პირი არასამთავრობო ორგანიზაციიდან "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის"; ანა მიქელაძე ამბობს, რომ ის უბნის შესასვლელთან ამომრჩეველთა მონაცემებს ამუშავებდა.

"საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე მიიღო ზომები და აღნიშნულ პირს დაატოვებინეს უბანი", - თქვა ანა მიქელაძემ.

გარდა ამისა, ცესკო-ს პრესსპიკერის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანში 68-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები გარეთ გავიდნენ და საარჩევნო ყუთი მიტოვებულია.

ის ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვაკის N11 უბანზე დაპირისპირება იყო. რაც შეეხება უბნის გარეთ მომხდარ ინციდენტებს, ანა მიქელაძე ამბობს, რომ ამას შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.

ანა მიქელაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ საარჩევნო უბანზე არსებულ პლანშეტებში აღარ არის ჩატვირთული ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სია. ანა მიქელაძე განმარტავს, რომ უბანზე არსებულ პლანშეტებში ფოტოსურათიანი სია არასდროს ყოფილა ჩატვირთული, რადგან პლანშეტების მეხსიერება ამის შესაძლებლობას არ იძლევა. მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე პლანშეტების დარიგების დანიშნულება ამომრჩევლებისთვის მათი საარჩევნო უბნების მითითებაა.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინა და კიდევ ერთხელ, საჯაროდაც შეახსენებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, - ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად, რაც არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, ამომრჩევლებს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ამომრჩეველი კაბინაში კეცავს ბიულეტენს, გადაკეცილ ბიულეტენს ათავსებს ჯერ სპეციალურ კონვერტში და შემდეგ საარჩევნო ყუთში. აღნიშნული პროცედურის ამსახველი პოსტერები ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია ყველა საარჩევნო უბანზე", - თქვა პრესსპიკერმა.

ანა მიქელაძემ ისაუბრა საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებაც. მისი თქმით, საზღვარგარეთ ყველა ქვეყანაში გაიხსნა საარჩევნო უბნები და ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ადგილობრივი დროით, ასევე გაიხსნება საარჩევნო უბნები კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"დღეს, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

კომენტარები