არჩევნები 2018

ცესკო: რუსთავში მარკირებული ამომრჩევლები ხმის მიცემას მეორედ ცდილობდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსთავის ოლქში დაფიქსირდა მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მეორეჯერ მიცემის მცდელობა. უწყების პრესსპიკერის თქმით, ასეთი 2 შემთხვევა იყო.

ანა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველს აქვს უფლება ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ. საარჩევნო უბანზე ყველა ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს არ დაარღვიონ კანონმდებლობა და ნუ შეეცდებიან მეორეჯერ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს”, - თქვა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

მისივე ინფორმაციით, ისნის N52-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა მის უფლებამოსილებას გადაამეტა და გაფრთხილება მიეცა, თუმცა ის არ დაემორჩილა კომისიის თავმჯდომარის მითითებას და ამიტომ, სთხოვეს დაეტოვებინა საარჩევნო უბანი.

გარდა ამისა, ანა მიქელაძემ ისაუბრა ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემაზეც. მისი თქმით, ასეთი ფაქტი ტყიბულში, სოფელ საწირეში N13-ე საარჩევნო უბანზე მოხდა, დაწერილია საჩივარი და საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება.

ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა დარღვევა "ქართული ოცნების" მიერ მოქალაქეებისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ანა მიქელაძე პასუხობს, რომ არჩევნების დღეს აგიტაცია, ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება დაუშვებელია მხოლოდ ტელევიზიასა და რადიოში.

ანა მიქელაძემ რუსთავსა და მარნეულში სპეცტექნიკის მობილიზების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ საარჩევნო უბნის გარეთ ვითარება უწყებას კომპეტენციას სცილდება.

"საარჩევნო უბნის გარეთ მიმდინარე ვითარება არ შედის ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციაში. საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების პროფესიულად და გამჭვირვალედ ჩატარებაზე და ჩვენ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ვიღებთ საარჩევნო უბნებზე მიმდინარე ვითარებაზე. საარჩევნო უბანს გარეთ სცილდება ჩვენს კომპეტენციას და შესაბამისი უწყებები გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით კომენტარს", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრესსპიკერმა არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენა, რომ აკრძალულია კომისიის მუშაობაში ჩარევა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა.

"რაც შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბნებზე, დაშვებულია იმ პირობებით და წესებით, რაც განსაზღვრულია ცესკოს დადგენილებით და აღნიშნული წესები გამოკრულია ყველა საარჩევნო უბანზე. ცალსახად აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება საარჩევნო კაბინაში", - თქვა ანა მიქელაძემ.

კომენტარები