არჩევნები 2018

კობახიძე: I ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ნეგატიურმა ძალის მაღალი შედეგი

ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძის მაღალი შედეგი დაბალმა აქტივობამ განაპირობა . 

"დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი, იქითა მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებები არის აგრესია, სიძულვილი, სიცრუე და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს. 

აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, დღეს საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მე მინდა, მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. მოგეხსენებათ, პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ნეგატიურმა ძალამ მიიღო საკმაოდ მაღალი შედეგი", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ხმა დღეს დილით 53-ე საარჩევნო უბანზე მისცა. 

დღეს საქართველო მე-5 პრეზიდენტს 6 წლის ვადით ირჩევს. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 528 658-ია. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურთან შედარებით, სია დაახლოებით ცხრა ათასით არის გაზრდილი. ცესკოს ინფორმაციით, საუბარია იმ ამომრჩეველზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაააქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. ასევე, აქ შედიან ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან დღეს, 28 ნოემბერს უსრულდებათ 18 წელი. 

ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხის მიერ აირჩევა. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მე-5 პრეზიდენტი ფიცს დადებს, პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

კომენტარები