არჩევნები 2018

ჩუგოშვილი: ხელისუფლება არის გარანტი, არჩევნების II ტური ჩატარდება დემოკრატიულ გარემოში

ზუსტად 8 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის. გაიხსნა საარჩევნო უბნები. ამ ეტაპისთვის რაიმე არსებითი ხასიათის ხარვეზები არ არის დაფიქსირებული. ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები, ჩატარდება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში. მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო პროცესში და დავაფიქსიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენი პოზიცია. მოვუწოდებ საარჩევნო ადმინისტრაციას მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს ყველა ზომა პროვოკაციების და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები. ყველა ასეთ დარღვევაზე იქნება კანონიერი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. უკვე ჩანს, რომ გარკვეულ ადგილებზე არის ასეთი პროვოკაციების მცდელობები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტია პასუხისმგებლობით მოეკიდოს არჩევნების პროცესს. მივმართავ დამკვირვებლებს სათანადოდ ასახონ ის დარღვევები რასაც ადგილი ექნება, თუ ექნება თავიანთი დაკვირვების პროცესში. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ემოციურად აქტიურად არის ყველა ამ პროცესში ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, ჩვენ ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ავყვეთ იმ პროვოკაციებს, რომლის მცდელობებიც, როგორც ჩანს, დღის განმავლობაში იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ, მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას, რაც არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის დიდი მონაპოვარი იქნება.

თამარ ჩუგოშვილმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ბრიფინგი "ქართული ოცნების" ოფისში გამართა.

კომენტარები