არჩევნები 2018

ვაშაძე არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე: კანონს მიღმა პროცესში ვართ

გიორგი ვაშაძე
ტაბულა

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწფო სერვისების განვითარების სააგენტოს რამდენიმე რეგიონული ოფისიდან ხელმძღვანელი პირები სამუშაოს დროებით განარიდეს, რათა ყალბი მოწმობები დაემზადებინათ. 

მსგავს შემთხვევაზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ისაუბრეს. 

"ის, რაც ახლა განაცხადა სამოქალაქო სექტორმა, არის კანონგარეშე ქმედებები, არჩევნების გაყალბებაც არ ჰქვია უკვე ამას. ვართ კანონგარეშე პროცესში. 

სამწუხაროდ, იმ ვითარებაში ვართ, როცა, როგორც ჩანს, რეესტრიდან გატანილია აპარატურა და სადღაც სხვაგან იბეჭდება დოკუმენტები, ჩვენს ხალხს არბევენ და ცემენ ოფისებში, მასობრივი მოსყიდვა - ეს არის რეალური ვითარება. აბსოლუტურად კანონგარეშე ვითარებაში ვართ. 

რაც შემიძლია ნამდვილად დავადასტურო, არის ის, რომ სამსახურის უფროსები სხვადასხვა რეგიონში გათხოვნილები არიან სამსახურებიდან, გაიყვანეს ვითომ ზოგი ტრენინგისთვის, ა.შ. ჩემი ინფორმაციით, ასეთი რამ მოხდა წალენჯიხაში, ასევე საგარეჯოს სამსახურში, მცხეთაში და კიდევ იყო რამდენიმე.

მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, წალენჯიხის სამსახურის უფროსზე რომ იყო საუბარი, მას არაადამიანურად მოექცნენ, ჩამოიყვანეს თბილისში, დააყენეს რკინიგზის სადგურზე და ყოველ საათში ურეკავდნენ, მანდ იყავი და მოვალთო. ასე მოექცნენ იმ ხალხს, ვის მიმართაც პოლიტიკურად ნდობა არ ჰქონდათ ან კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

სამი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობის ცნობით, არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ყალბი პირადობის მოწმობები მზადდება. 

ინფორმაცია მათ ამავე სააგენტოს თანამშრომელმა მიაწოდა. 

ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წყაროს ცნობით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ბეჟან ობგაიძე ხელმძღვანელობენ. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები