არჩევნები 2018

კალაძე NGO-ებზე: გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან?

ტაბულა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ე.წ შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის სესხების განულების ინიციატივაზე საუბარი "არჩევნებამდეც იყო და ამას არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებთან". კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება და კითხულობს - "გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან?".

"ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია, ეს დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გააწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები, შესაბამისი სამსახურები ალბათ, დაინტერესდებიან ", - განაცხადა კალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ 600 000 მოქალაქისთვის ვალების განულების ინიციატივა, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევაა, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნები" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ფიქრობენ, რომ ინიციატივა თავისი მასშტაბებით უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 19 ნოემბრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა". შეღავათები შეეხება მოვალეთა რეესტრში მყოფ იმ პირებს, ვისი სესხის დარჩენილი ძირი თანხაც 2 000 ლარს არ აღემატება. საქართველოს მთავრობის ცნობით, ვალების განულებისთვის საჭირო დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს ფონდი "ქართუ" ფარავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების განულების პროექტისთვის ბანკის წლევანდელ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.

კომენტარები