არჩევნები 2018

ხელისუფლების 12 წინასაარჩევნო პოპულისტური ნაბიჯი

ტაბულა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, საქართველოს მთავრობამ სოციალური და პოლიტიკური მიმართულებით, რამდენიმე პოპულისტური დაპირება გასცა. ტაბულა მოკლედ გთავაზობთ ჩამონათვალს, რა გააკეთა პირველი ტურის შემდეგ საქართველოს მთავრობამ და რის გაკეთებას დაპირდა მოსახლეობას.

  1. გამოიწვია მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი და ეკლესია აკრიტიკებდა და რომელზეც პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო კამპანიის ნაწილი ჰქონდა აწყობილი.
  2. პროკურატურამ ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალი წარუდგინა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის მაისში მოხდა, საგამოძიებო უწყებამ კი, ფარცხალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ ახლა დაიწყო.
  3. ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები ორჯერ გადავადდა - პირველად, 15 ნოემბრამდე. ხოლო ახლა ცნობილია, რომ რეგულაციებს "გამარტივებული სახით" 2019 წლის 1 იანვარს მიიღებენ.
  4. 16 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს 10-ლარიანი დახმარება 50 ლარამდე გაეზრდებათ.
  5. სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ფულადი დახმარება 1 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, არაფულადი კი - 2 წლის განმავლობაში.
  6. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს. პაკეტი 20 ლარით გაიზრდება და შშმ პირებს 100-ის ნაცვლად 120 ლარი ჩაერიცხებათ.
  7. 2019 წლიდან ხელფასები ეზრდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.
  8. 2019-2021 წლებში გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ სკოლის დირექტორები, ადმინისტრაციული პერსონალი და მასწავლებლები.
  9. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლებსა და ბაღებში დასაქმებული ყველა პირი სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იან დანამატს მიიღებს. მოქმედი კანონმდებლობით, მაღალმთიან დასახლებებში სახელფასო დანამატს მხოლოდ სკოლის მასწავლებლები იღებენ. სოციალური შეღავათები არ ეკუთვნით ზოგადსაგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს.
  10. პრემიერმინისტრის განცხადებით, 2000-დე დევნილი ბინას მიიღებს. მამუკა ბახტაძის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტით, თანხები განკუთვნილია, როგორც ახალი ბინების მშენებლობისათვის, ასევე დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსასყიდად.
  11. ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. აქამდე, მედიკამენტებს ფასდაკლებით ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის (I, II, III) მქონე პაციენტები იღებდნენ.
  12. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ინიციატივით, 15 დეკემბრიდან, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანება გაუნულდება. შეღავათები შეეხება მოვალეთა რეესტრში მყოფ იმ პირებს, ვისი სესხის დარჩენილი ძირი თანხაც 2 000 ლარს არ აღემატება. საქართველოს მთავრობის ცნობით, ვალების განულებისთვის საჭირო დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს ფონდი "ქართუ" ფარავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების განულების პროექტისთვის ბანკის წლევანდელ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.

აღსანიშნავია, რომ როგორც პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ისე ქართული ოცნების სხვა წევრები უარყოფენ, რომ სოციალური მიმართულებით მთავრობის გააქტიურება წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.

არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დღეს, ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილსა და ძალა ერთობაშია-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. 28 ოქტომბრის არჩევნებზე, სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს ხმების მხოლოდ 0.9%-ით გადაუსწრო.

კომენტარები