არჩევნები 2018

პრემიერი: მოქალაქეებს შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალებში არ უნდა მისდიოდეთ

პარლამენტი

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობის მიდგომაა, ჭარბვალიანობის, როგორც რისკის და მძიმე ტვირთის, დაძლევა. დღევანდელ ბრიფინგზე ბახტაძემ აღნიშნა, რომ ვალების მომსახურების კოეფიციენტი "ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას" უნდა გაუტოლდეს.

"გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მისდიოდეთ ვალების მომსახურებაში.

ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა, დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს მოქალაქეს, სრულფასოვნად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც უფრო მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო საფინანსო სექტორს - უფრო ჯანსაღს.

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა" - თქვა ბახტაძემ.

ცნობისთვის, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდება. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას განაცხადა.

"მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები. მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის, ე.წ სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს 100 000-ობით ოჯახს" - თქვა ბახტაძემ და განსაკუთრებული მადლობა ფონდ "ქართუს" გადაუხადა.

აქვე შეგახსენებთ, რომ იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცლილებების მიღება უკვე მეორედ გადავადდა. ცვლილებები ჯერ პირველ ნოემბერს უნდა შესულიყო ძალაში, და 15 ნოემბრამდე გადაავადეს, რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ რეგულაციების ამოქმედება მომავალ წლამდე გადაიდო. 

პირველი გადავადების შემდეგ ეროვნულ ბანკში ამბობდნენ, რომ რეგულაციები თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით მარტივდება, თუმცა არ აკონკრეტებდნენ, კონკრეტულად რა ნაწილებს შეეხებოდა გამარტივება. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით,საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად იცვლება. ცვლილება ფიზიკურ პირებს ეხება, რომლის მიხედვით, თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით უწესდება შესაძლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი. შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტის ნაწილია შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტების განსაზღვრა. ასევე განსაზღვრულია ლიმიტები ჰეჯირებული მსესხებლებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც სესხიც და შემოსავალიც ერთსა და იმავე ვალუტაში აქვს ნომინირებული.

პარალელურად, დგინდება ერთიანი ჭერი თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკაზე ეს ლიმიტი მაქსიმუმ 15-წლიანია, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე კი მაქსიმუმ 10-წლიანი შეიძლება იყოს. ასევე, ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

ახალ რეგულაციებს კომერციული ბანკები ეწინააღმდეგებოდნენ.

კომენტარები