არჩევნები 2018

კალაძე: ხვალ პრემიერი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევაზე 

ტვ იმედი

თბილისის მერის, ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ხვალ მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

კალაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ამ ინფორმაციამ "ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო და სწორედ ამიტომ მოაწყო კლოუნადა გრიგოლ ვაშაძემ". 

"როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ შავი სიის პრობლემის მოგვარების გზაზე. ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ. 

მმართველი გუნდი ასრულებს თავის დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო. 

მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის ლიდერერებს, დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს და მოაგვარებს მომავალშიც. დაელოდეთ, ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას - ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე.", - თქვა კალაძემ. 

დღეს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს.

ვაშაძის თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს დარწმუნდა, რომ საქართველოს მოქალაქეები უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. 

გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძე მიმართავს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი დღემდე ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავის სრული ამნისტიის შესახებ. ეროვნულ ბანკს კი ვაშაძე მოუწოდებს მოხდეს იპოთეკის პროცენტის ეტაპობრივი განახევრება და ბანკების "გადაქცევა მევახშეებიდან ნამდვილ საფინანსო ინსტიტუტებად, რომელიც ეკონომიკას აძლევენ განვითარების სტიმულს".

კომენტარები