2008 წლის აგვისტოს ომი

ვოლსკი: ენმ ცდილობს ჯარისკაცები დაარწმუნოს, თითქოს მათ რამე ემუქრებათ - ამას პასუხი გაეცემა

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჯარისკაცები შეიძლება გამოიკითხონ, მაგრამ მათ არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ. 

"პროცედურა აქვს სასამართლოს, ამ პროცედურის მიხედვით, რასაკვირველია, შეიძლება გამოიკითხონ ჯარისკაცებიც, მონაწილე პირებიც, მაგრამ არავითარი პასუხისმგებლობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოსათვის ცნობილია, არც მოსალოდნელი და არც სამართლებრივად საფუძვლიანი არ არსებობს. ნებისმიერი შეიძლება იქნეს გამოკითხული, ეს არის ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა. ასეულობით მტკიცებულებაა წარმოდგენილი ჩვენი მხრიდან ჰააგის სასამართლოში და ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო მიფუჩეჩებული, თუ არა განგებ გადამალული, მათ შორის არის გამოყენებული რაკეტების, ისკანდერის ნამსხვრევები, რომლებიც შემთხვევით, დიდი ძიების შემდეგ იქნა აღმოჩენილი ერთ-ერთ საწყობში", - აღნიშნავს ვოლსკი.

მისივე თქმით, ამ რეალობის გადასაფარად ოპონენტები ცდილობენ, ყოფილი და ახლანდელი მომსახურე ჯარისკაცები დაარწმუნონ, თითქოს მათ რაღაც ემუქრებათ.

"ეს არის უზნეო ტყუილი და ამ ტყუილს პასუხი გაეცემა ჰააგაშიც, სტრასბურგშიც. გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლოში ძალიან საეჭვო ვითარებაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" წააგო სარჩელი, რომელიც თითქოსდა ეჭვს არ იწვევდა. დარღვეულია პროცედურები, როდესაც, ამ პროცედურების თაობაზე ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ასე რომ, სახეზე გვაქვს ვითარების დამახინჯების და განზრახ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს არის იმდენად თვალსაჩინო, რომ არ მგონია, ჩვენს ოპონენტებს ქონდეთ ამის საწინააღმდეგო განცხადება, თუ არა დემაგოგია", - ამბობს დეპუტატი.

თეა წულუკიანმა 14 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა:

"2 სასამართლოა ჰააგაში. ერთი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ქალბატონი ფატუ ბენსუდა, ყველას გვახსოვს, აქ იყო, არის პროკურორი. ამ სასამართლოში საქართველო არ არის და და ვერასდროს ვერ იქნება მხარე. ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომლებიც, შეიძლება იყოს მომხდარი აგვისტოს ომის დროს. თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება კონკრეტული ადამიანების დაკავების მოთხოვნით იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს. ანუ, აქ საქართველოს სახელმწიფო ვერასდროს იქნება მხარე ან რამეში დადანაშაულებული. აქ შეიძლება მხოლოდ დადგეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განურჩევლად მოქალაქეობისა და განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა". 

წულუკიანის ამ განცხადებას 15 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ "საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით ხელს იბანს 2008 წლის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ". 

ამ ყველაფერს კი დღეს, 16 ნოემბერს კახა კალაძის განცხადებები მოჰყვა - თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი "გაუაზრებლად თუ მოღალატეობრივად რუსის ჯარს საქართველოში შემოუძღვა, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა".

კომენტარები