გენოციდი

კამბოჯის წითელი ქმერების რეჟიმის ორი ლიდერი გენოციდში დამნაშავედ ცნეს

Reuters

კამბოჯის შეიარაღებული კომუნისტური მაოისტური მოძრაობის, წითელი ქმერების ორი ლიდერი გენოციდში დამნაშავედ ცნეს.

92 წლის ნიონ ჩეა რეჟიმის ლიდერის, პოლ პოტის მოადგილე იყო, ხოლო 87 წლის კჰიეი სამპჰანი 1979 წლამდე ქვეყნის მეთაურის პოსტს იკავებდა.

მათ ჩამის მუსლიმების და ეთნიკურად ვიეტნამელების წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდაში ედებოდათ ბრალი. ნეონ ჩეას და კჰიეი სამპჰანს უკვე მისჯილი ჰქონდათ სამუდამო პატიმრობა. ვერდიქტის მიხედვით მათ სამუდამო პატიმრობა კიდევ ერთხელ მიესაჯათ.

1975-1979 წლებში წითელი ქმერების რეჟიმის მმართველობისას ორ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ წითელი ქმერების რეჟიმი გენოციდშია დამნაშავე.

წლების მანძილზე სადავო იყო უნდა მიჩნეულიყო თუ არა წითელი ქმერების მიერ ჩადენილი დანაშაული გენოციდად, რადგან ზოგიერთი მოსაზრებით რეჟიმის დანაშაულები კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის განადგურების მიზნით არ იყო ჩადენილი და მსხვერპლთა უმეტესობას ეთნიკურად ქმერები წარმოადგენდნენ.

სასამართლოზე გამოიყენეს სიტყვები პოლ პოტის 1978 წლის გამოსვლიდან, სადაც ის ამბობს, რომ კამბოჯაში ვიეტნამელების ერთი თესლიც არ უნდა დარჩეს. რეჟიმის მმართველობისას ასობით ათასი ადამიანისაგან შემდგარი ეთნიკური ჯგუფის უდიდესი ნაწილი მოკლეს ან გადაასახლეს.

მუსლიმები, რომელთა უმეტესობა ჩამის ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს ყვებიან, რომ რეჟიმი მათ რელიგიას კრძალავდა და აიძულებდა ღორის ხორცი ეჭამათ.

2006 წელს შექმნილმა კამბოჯის სასამართლოს საგანგებო პალატამ, რომელიც კამბოჯელი და საერთაშორისო მოსამართლეებისაგან შედგება ამ დრომდე რეჟიმის დანაშაულებისათვის 3 ადამიანი გაასამართლა.

ქვეყნის პრემიერმინისტრი, ჰუნ სენი, რომელიც თავადაც იყო წითელი ქმერების წევრი, რეჟიმის დროინდელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ახალი პროცესების დაწყებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მის ხალხს წინსვლა სურს და დამატებითმა გამოძიებებმა და სასამართლოებმა შესაძლოა კვლავ ძალადობამდე მიიყვანოს ქვეყანა.

კომენტარები