არჩევნები 2018

ზურაბიშვილი ემიგრანტებს: ყველაფერს გავაკეთებ, რომ იგრძნოთ - ეს ქვეყანა და პრეზიდენტი თქვენია

Facebook/Zourabichvilisalome

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქართულ დიასპორას მიმართავს.

მიმართვა ზურაბიშვილის Facebook გვერდზე გავრცელდა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში იქნება ქართული დიასპორის ინტერესების დამცველი - "მოგმართავთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, მოგმართავთ, როგორც მე თვითონ ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი, როგორც სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქე და ბოლოს როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტი. ვიქნები თქვენს გვერდით და პირველივე დღიდან თქვენი ინტერესების დამცველი საპრეზიდენტო რანგში, როგორც ვიყავი საპარლამენტო ტრიბუნიდან. თქვენ იცით, რომ ხუთი წლის წინ დავიწყეთ მე და სხვა ემიგრანტებმა ბრძოლა იმისათვის, რომ შეცვლილი ყოფილიყო კონსტიტუციაც და კანონმდებლობაც, რომელიც გვიკრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას. ეს ბრძოლა შედეგიანად დასრულდა. დღეს უკვე კონსტიტუცია შეცვლილია."

ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ქართველ ემიგრანტებთან კავშირის გაძლიერება და პრეზიდენტის ამპლუაში იგი ამ საკითხზეც იზრუნებს - "ჩვენს წინ დგას საკითხი, თუ როგორ შეიქმნას ხვალინდელი თქვენი დაბრუნების პირობები და შესაბამისად როგორ გაძლიერდეს დღესვე თქვენთან კავშირები. კავშირი ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ენის და კულტურის შენარჩუნებას ეს მოითხოვს გაძლიერებას ყველა იმ ინსტრუმენტების რაც ამას ემსახურება, ანუ საკვირაო სკოლები, საზაფხულო ბანაკები, სტაჟირებისა და გაცვლითი პროგრამების საშუალებები, ამ ყველაფრის გაძლიერებაზე იზრუნებს პრეზიდენტი."

ოცნების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა მოუწოდა ემიგრანტებს გააქტიურებისკენ. მისი თქმით, დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ დაახლოებით მილიონ ნახევარი ემიგრანტიდან მხოლოდ 45 000 თუ არის დარეგისტრირებული და მათ შორის ძალიან ცოტამ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ეს მაჩვენებელი იმის მანიშნებელია, რომ არსებობს ერთგვარი გულგრილობა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების მიმართ და საჭიროა, რომ გაძლიერდეს თქვენი ქართული დიასპორის ჩართულობა.

სალომე ზურაბიშვილმა Facebook მიმართვაში ისაუბრა იმ ინიციატივებზეც, რომელთა შესრულებასაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში გეგმავს.

"მინდა, გესაუბროთ იმ ინიციატივებზე, რომელზეც იმუშავებს საპრეზიდენტო ადმინისტრაცია და ასევე თვითონ პრეზიდენტი. ერთი ასეთი ინიციატივა არის ადმინისტრაციასთან არსებული საკოორდინაციო საბჭო ემიგრანტულ ორგანიზაციებთან ერთად, რომელშიც ასევე საპატრიარქო უნდა იყოს ჩართული. ასევე დიასპორის სახლი, სადაც უნდა იყოს ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დაბრუნების დროს, ან თუ აქ ჩამოდიხართ დროებით, ან სასწავლებლად, ასევე დისტანციური სერვისი, რომელიც მოგცეთ ერთი ფანჯრის ფორმით საშუალებას, რომ გარედანაც მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია ქვეყნის შესახებ.

მინდა, როგორც მომავალმა პრეზიდენტმა გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ იგრძნოთ, რომ ეს ქვეყანა თქვენია, პრეზიდენტი თქვენია, თქვენი დაბრუნება და ქვეყნის განვითარებაში თქვენი ჩართვა, არის უმაღლესი ჩვენი ერთობლივი მიზანი. ამავე დროს მჯერა მჯერა, რომ თქვენ ბევრად აქტიურად მიიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში, რამეთუ ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ ეს უნდა იყოს თქვენი პრინციპული არჩევანი. საქართველო დგას გზაგასაყარზე, თუ გსურთ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს ისეთივე ევროპული, დემოკრატიული, განვითარებული, როგორც ის ქვეყნები, სადაც დღეს ცხოვრობთ, აუცილებელია, ჩაერთოთ არჩევნებში და გააკეთოთ პრინციპული არჩევანი", - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები