ქართული პოლიტიკა

ელისაშვილი: II ტურის შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობას ვქმნი

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" დაფუძნებას აპირებს. როგორც ელისაშვილმა TV პირველის ეთერში თქვა, "ყველა გრძნობს, რომ რაღაც ახალი არის აუცილებელი". ამასთან, მან უარყო, რომ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილთან ერთად, პარტიის შექმნას აპირებს.

"მე და გია ხუხაშვილს შეხვედრა გვქონდა უბრალოდ იმაზე, რომ აზრები გავცვალეთ - რა უნდა მოხდეს, რომ ეს პოლარიზებული სიტუაცია არ გვქონდეს და არ ვუყურებდეთ მხოლოდ ამ ორი ძალაუფლებას მოწყურებული ძალის შერკინებას. შესაბამისად, გეუბნებით, რომ მე და გია ხუხაშვილი ხვალ პარტიას არ ვქმნით. მე, რასაც ნამდვილად ვაპირებ, მეორე ტურის შემდეგ, რამდენიმე დღეში ჩემს თანამოაზრეებთან, ამ ეტაპის თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო მოძრაობას ვქმნი" - თქვა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა სფეროდან კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ ადამიანებს მოიზიდავს.

"ყველას ჰქონდა მიდგომა და ივანიშვილის შეცდომაც ეს იყო, რომ არსებული პოლიტიკური სივრციდან შეაგროვა და ააახოხოლავა გუნდი. ერთადერთი, ვინც იყო არაცნობადი სახე, იმან გაამართლა ყველაზე მეტად, სერგეენკომ, რომელსაც კაციშვილი არ ვიცნობდით და იყო საჩხერის მთავარი ექიმი. დღეს რომ უკვე აღარ ამართლებს და ჯანდაცვის სისტემა საშინელ დღეშია, ეგ სხვა საკითხია. მე ვამბობ რეიტინგის და სტაბილური პოპულარობის თვალსაზრისით. 

მთავარია, იყვნენ კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანები. პოლიტიკური წრეებიდან, შეიძლება მხოლოდ "ერთი-ორი" იყოს" - თქვა ელისაშვილმა TV პირველის ეთერში და კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სამოქალაქო მოძრაობაში ხუხაშვილი არ იქნება და "მე მას მხოლოდ რჩევებს ვეკითხები ხოლმე". 

"შეიძლება, ეს მოძრაობა პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნეს, შეიძლება არ გარდაიქმნეს, ეს არ არის თვითმიზანი. მაგრამ მინდა, რომ შევქმნა სამოქალაქო მოძრაობა, სადაც სხვადასხვა სფეროს მიმართულებით კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ ადამიანებს მოვიზიდავთ" - ამბობს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი. 

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, პარტიის "კანონი და სამართალი" შექმნას აპირებს მოძრაობის "ძალა ერთობაშია" მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი.

კითხვაზე, თუ ვინ იქნებიან პარტიის შემადგენლობაში, ჩარკვიანმა თავი შეიკავა კონკრეტული პირების დასახელებისაგან. მისი თქმით, ეს პოლიტიკურად დიდი შეცდომა იქნება, რადგან ორგანიზაციის წევრები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს აძლევენ ხმას.

კომენტარები