9 აპრილი

ლიტერატურის მუზეუმი და არტანუჯი 9 აპრილის თანადროულ ჩანაწერებს გამოსცემენ

ლაშა ბაქრაძე

გამომცემლობა არტანუჯი და ლიტერატურის მუზეუმი 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისთვის იმ დროინდელი ჩანაწერების, დღიურების, წერილების და ფოტოების შეგროვებას და წიგნად გამოცემას გეგმავენ. 

"მომავალ წელს 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიის 30 წელი იქნება აღსანიშნავი. 
გუშინ დევი ბერძენიშვილთან ვისაუბრე და საინტერესო იდეა შემოგვთავაზა - შეგროვდეს იმ დროინდელი ჩანაწერები, დღიურები, წერილები (მაშინ ჯერ კიდევ იწერებოდა წერილები) და გამოვცეთ. 

დღეს ბუბა კუდავას გავუზიარე ეს აზრი და გამომცემლობა "არტანუჯი" სიამოვნებით გამოსცემს ასეთ წიგნს.

არ გვინდა მოგონებები, დღევანდელი გადასახედიდან გალამაზებულ-შეთხზული, არამედ იმ დროინდელი ემოცია და განწყობა, შეიძლება დღეს რომ სრულიად უცნაური ან მიუღებელიც გვეჩვენებოდეს ისეთიც. 

არც ის არის აუცილებელი, რომ ამ ჩანაწერების ავტორები თბილისში, რუსთაველზე ყოფილიყვნენ მაშინ. ზოგი შეიძლება ბათუმიდან აკვირდებოდა ამ ამბებს და ზოგი სვანეთის ან კახეთის სოფლიდან, ან სულაც უცხოეთიდან.

მოდით, დავიწყოთ ასეთი მასალის შეგროვება. 

მასალები - კარგი იქნებოდა ორიგანელები, რომელის ასლებსაც ჩვენ გავაკეთებთ - შეგიძლიათ მოიტანოთ ან ლიტერატურის მუზეუმში ან გამომცემლობა "არტანუჯში", - დაწერა ფეისბუქზე ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ. 

გამომცემლობა არტანუჯის ხელმძღვანელი, ბუბა კუდავა ამბობს, რომ 9 აპრილის შესახებ მოგონებებისა და წერილების შეგროვება რამდენიმე რამის გამოა მნიშვნელოვანი: 

"ჩვენი, გამომცემლობა არტანუჯის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის საისტორიო გამოცემები. ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ წყაროების პუბლიკაციას. წყარო ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ერთ-ერთი ტიპია თვითმხილველთა ჩანაწერები. ამას ბოლომდე დოკუმენტური ფუნქცია არ აქვს, მაგრამ სხვადასხვა ავტორის დოკუმენტების ერთობლიობას შეიძლება დოკუმენტური ფუნქცია მივანიჭოთ. ასეთი წყაროების მოპოვებას და გამოცემას, ვფიქრობ, ქართველები სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ. იმიტომ რომ, როცა წარსულში მომხდარი გვახსოვს, გვგონია სულ გვემახსოვრება. მაგრამ მიდიან ადამიანები, თვითმხილველები ისე, რომ ყველა ჩანაწერს არ აკეთებს და არც ხერხდება ჩაწერა. არიან ადამიანები, ვისაც აქვს მსგავსი დოკუმენტები, რომლებიც იფანტება, იბნევა და ვერ აღწევს შესაბამის დაწესებულებამდე ან მკვლევარამდე. ამიტომ ვფიქრობ, დროა და ცოტა დაგვიანებულიც კია 9 აპრილის ჩანაწერების შეკრება". 

კუდავას თქმით, არტანუჯი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ კიდევ ერთი წიგნის - თვითმხილველთა მოგონებების გამოცემასაც გეგმავს. მისი თქმით, ეს ორი გამოცემა მსგავსია და ერთმანეთს შეავსებს, ამავე დროს პრინციპულად განსხვავებულიც არის. 

"ორივე მნიშვნელოვანია, პირველი იმიტომ, რომ ცხელ გულზეა გაკეთებული, თანადროულია და იმ დროის მნიშვნელობა აქვს. მეორეს - თუმცა, თავისი მინუსები აქვს ამას, რაღაცები ადამიანს ავიწყდება, ვერ იხსენებს, მეორე მხრივ, პლუსი ის არის, რომ დისტანცირებს, სხვაგვარად უყურებს და ისეთ რაღაცებს ანიჭებს მნიშვნელობას, რისთვისაც შეიძლება მაშინ არ მიექცია ყურადღება. 

მსგავსი გამოცემები, მნიშვნელოვან და ასევე, ყოველდღიურ მოვლენებზე, რაც ახლა უმნიშვნელოდ გვეჩვენება, გავა წლები და საუკუნეები და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება მომავალი თაობებისთვის", - თქვა ბუბა კუდავამ ტაბულასთან საუბრისას. 

კომენტარები