9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულის ოჯახის წევრი: თინა სხვას გადაეფარა და ნიჩბით მოკლეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულის, 70 წლის თინა ენუქიძის ოჯახის წევრი ნინი გოგიბერიძე Facebook-ში წერს, რომ მისი ბებია 9 აპრილის ღამეს სხვას გადაეფარა და ნიჩბით მოკლეს. 

"წელს თინა 100 წლის გახდებოდა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება განსაზღვრა თინას თავდადებამ. ნოემბრიდან დემონსტრაციები იმართებოდა. აპრილში უკვე ყველას, ვისაც ვიცნობდი, იქ იდგა. 8 წლის ვიყავი. მეც თან დავყავდი დედას. მერე ერთ საღამოს ბებიაჩემთან დამტოვეს. ამ ღამეს მოვიდა რუსული ოკუპაცია. თინა სხვას გადაეფარა. ნიჩაბი დრუზეს და მოკლეს.

პრინციპში, ამ დღიდან დასრულდა ჩემი ბავშვობა; კავშირი სოფელთან, მიწასთან, მარწყვებთან, ზაფხულთან - მოკლედ იმასთან, რასთანაც თინა მაკავშირებდა. მაგრამ თინას თავდადებამ, ახალი კავშირი მაპოვნინა მასთან, მომაჯადოვა და შემიპყრო იდეით, რომ თავისუფლებისთვის ყოველთვის უნდა იბრძოლო (ან თუნდაც 9 აპრილის მონუმენტზე იცეკვო)! დიდება თავისუფლებას! რუსეთი ოკუპანტია" - წერს გოგიბერიძე.

10 ნოემბერს Al Jazeera-ს ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი საბჭოთა წარსულზე და 9 აპრილის მოვლენებზე საუბრობს.

"აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს. რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო არ ვიცი. ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები." - თქვა მან.

1989 წლის 9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე ათეულათასობით ადამიანი შეიკრიბა - ნიჩბებითა და დღემდე დაუდგენელი შემადგენლობის გაზის ბალონებით შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა აქციის დარბევა დილის სამ საათზე დაიწყეს. უშუალოდ 9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი, რუსმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათისას იმსხვერპლეს. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი იყო.

  • აზა ადამია, 22 წლის
  • ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
  • ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
  • ნატო გიორგაძე, 23 წლის
  • თამუნა დოლიძე, 28 წლის
  • თინა ენუქიძე, 70 წლის
  • ნინო თოიძე, 25 წლის
  • ზაირა კიკვიძე, 61 წლის
  • მანანა ლოლაძე, 33 წლის
  • თამარ მამულიშვილი, 50 წლის
  • ვენერა მეტრეველი
  • მამუკა ნოზაძე, 22 წლის
  • ნანა სამარგულიანი, 41 წლის
  • შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის
  • მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
  • ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
  • თამარ ჭოველიძე, 16 წლის
  • ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
  • მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
  • მანანა მელქაძე, 23 წლის
  • გია ქარსელაძე, 25 წლის

კომენტარები