არჩევნები 2018

გენერალი ჭანკოტაძე: პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს, ვინც ომის დაწყებას ჯარს აბრალებს 

რუსთავი 2

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ დევი ჭანკოტაძის თქმით, 2008 წლის ომი საქართველოს არ დაუწყია და ჯარი მხოლოდ სამშობლოს იცავდა.

მიმართვაში ჭანკოტაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, "საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდალი". 

"2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე, საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბავს მძინარე ქალაქი. ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები - ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები გაასამართლოს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდალი", - თქვა დევი ჭაკნოტაძემ

დევი ჭანკოტაძის ამ მიმართვას თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია, რომ: 

"დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და წლებია აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში.

სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღეებელია, სამხედრო ფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა. აღნიშნული ქმედება, დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის.

მოცემული განმარტების მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს შეიარღებული ძალები პოლიტიკურად მიკერძოებულია.

საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და ის არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქესა და პოლიტიკური გაერთიანების წევრს, ნუ ეცდება შეიარაღებული ძალების რაიმე ფორმით ჩართვას პოლიტიკურ, თუ საარჩევნო კამპანიაში", - წერს თავდაცვის სამინისტრო. 

დევი ჭანკოტაძე 2000-2004 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ასევე გენშტაბის უფროსის მოადგილე, 2009 წლის მარტიდან კი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი. ის ამ პოსტს 2012 წლის 8 ოქტომბრამდე იკავებდა. 

კომენტარები