ბინები დევნილებისთვის

ბახტაძე: 2000-მდე დევნილი ბინას მიიღებს

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

"დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია  90  მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ 2000-დე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას ამ პროგრამის ფარგლებში", - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, თანხები განკუთვნილია, როგორც ახალი ბინების მშენებლობისათვის, ასევე დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოსასყიდად.

"დარეგულირდა ბინების განაწილების რიგითობა, რომელიც ძალიან მტკივნეული პროცესი იყო.  მოგეხსენებათ, რომ გაუქმებულია 2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა თბილისში დევნილებისთვის ახალ მშენებლობებს. ჩვენ შევცვალეთ ეს დისკრიმინაციული მიდგომა. მთავრობა დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს ქართველი მენაშენეებისგან კონკურსის წესით შეისყიდის და მომავალ წელს ახალ ბინებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები დევნილები მიიღებენ.  დღეისათვის უკვე შესყიდულია და 342 ოჯახი მალე თბილისში მიიღებს საცხოვრებელ ფართობს", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხის მობილიზაციიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყო ვიდრე 2018 წლის სასტარტო ბიუჯეტში, გაჩნდა შესაძლებლობა, კაპიტალური ხარჯებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ კუთხით წელს დამატებით მოხდება 20 მილიონი ლარის მობილიზება, რაც მიმართული იქნება დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. გრძელდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართობის დაკანონების პროცესიც.

"აქ ხშირ შემთხვევაში პროცედურები და კანონმდებლობა იყო მოუქნელი. და ეს საკითხი უმოკლეს ვადაში დარეგულირდება. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ 2013 წლიდან უკვე 17 162 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება", - ამბობს ბახტაძე.

კომენტარები