ბინები დევნილებისთვის

სუბარი საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებზე: შანტაჟით ბინებს ვერ მიიღებენ

სოზარ სუბარი
ტაბულა

ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრები დევნილების მოთხოვნას განსახლების შესახებ სოზარ სუბარი ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი შანტაჟით ვერაფერს გახდებიან. ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრმა რადიო ათინათს უთხრა, რომ ბინების გადანაწილება შიმშილობით არ ხდება. მისივე თქმით, სამინისტროს რამდენიმეწლიანი გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ფართებით ყველა იძულებით გადაადგილებული პირი დაკმაყოფილდება. 

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხი. ზუგდიდში დაწყებულია ათი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან 4 მალე დასრულდება. მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც ცდილობენ გრძნობებზე ითამაშონ. განაწილება ხდება მკაფიო კრიტერიუმებით და როგორც არ მოყვა შედეგი შანტაჟს წინა წლებში, ისე იქნება ახლაც. გვაქვს გეგმა, რომელი შენობები უნდა დავხუროთ და რამდენ ქულიანს უნდა მიეცეს ბინა ამ ეტაპზე. ეს გეგმა არ შეიცვლება და ამას ვერ დააჩქარებს ისეთი ქმედებები, როგორიცაა კარვის გაშლა", - აღნიშნა სუბარმა. 

რადიო ათინათის ცნობით, ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრები დევნილები წლებია, საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ, ვინაიდან შენობაში, რომელიც მათ აქვთ დაკავებული, ანტისანიტარია და ცხოვრებისთვის შეუსაბამო პირობებია. ისინი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში შიმშილობითაც იმუქრებიან. 


ფოტო: რადიო ათინათი

კომენტარები