ბინები დევნილებისთვის

სუბარი: ქართველი მენაშენეებისგან დევნილებისთვის ბინების შევიძენთ

სოზარ სუბარი

ქართველი მენაშენეებისგან დევნილებისთვის ბინებს შევიძენთ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ქართველი მენაშენეებისთვის გამოცხადდება კონკურსი და პირველ ეტაპზე ვყიდულობთ მშენებარე სახლებს, მეორე ეტაპზე კი ვამუშავებთ პროგრამას, რომელიც შეეხება წლების წინ გაჩერებული კორპუსების განახლებას, მათთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას და იქაც დევნილებისთვის გარკვეული რაოდენობის სახლების შესყიდვას“, - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და ეს შეეხება მხოლოდ თბილისს. თბილისში მყოფ მენაშენეებს უფლება ექნებათ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.

სუბარის თქმით, ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ასევე ისაუბრეს სოფლის სახლის პროექტზე და ახალი სოფლების მშენებლობაზე.

„ახალი სოფლების მშენებლობის პროექტი დაიწყება მომავალი წლიდან. მას შემდეგ, რაც ბოლო ერთ თვეში პროექტი გააქტიურდა, შემოსულია 350-მდე განცხადება სოფლად სახლის შეძენის სურვილით. 350-დან უმეტესობის ყიდვა მოესწრება წლის ბოლომდე ან იანვარ-თებერვალში. ადამიანები ყიდულობენ სახლებს სოფელში, თავისი ინფრასტრუქტურით, სახნავ-სათესით, ხშირ შემთხვევაში საქონლით. ისინი არა მარტო სახლის მფლობელები ხდებიან, არამედ მათ უჩნდებათ არსებობის საშუალება“, - განაცხადა სუბარმა.

კომენტარები