მასწავლებლების ხელფასები

განათლების სამინისტრო: დირექტორებს, მასწავლებლებს და ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდებათ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2021 წლებში სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციულ პერსონალს და მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ.

უწყების ცნობით, 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1800 ლარს მიაღწევს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს. განათლების სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.

უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში მითითებულია, რომ მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მიერ სექტემბრის დასაწყისში წარმოდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. უწყებაში აღნიშნავენ, რომ წინასწარი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან.

"პირველ რიგში ეს არის ახალი სასწავლო გეგმა, განახლებული სასკოლო წიგნები და სხვა სასწავლო რესურსი, პილოტის რეჟიმში მიმდინარეობს სწავლების ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც კომპლექსურია და ბევრ მიმართულებას მოიცავს - ახლებურ მიდგომებს საგაკვეთილო პროცესში, მეტი ანალიზის შემოტანას, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების, ინოვაციების დანერგვას სკოლებში", - აღნიშნავს სამინისტრო.

კომენტარები