მასწავლებლების ხელფასები

ამილახვარი: ივლისიდან, პედაგოგთა ხელფასები ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ გაიზრდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, მუშაობენ მასწავლებლებისთვის ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ამილახვარის თქმით, მასწავლებელთა ანაზღაურება ბოლო წლების განმავლობაში "უპრეცედენტოდ" გაიზრდება. პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკაზე მინისტრმა სპეციალირ ბრიფინგზე ილაპარაკა.

გიორგი ამილახვარის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება.

"ყოვლად მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან იმ დამაზიანებელი, დეზინფორმაციული კამპანიის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდის შესახებ გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას. 

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წლამდე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს.

მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ზრდისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს. ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება. თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებაში, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო – სრულ განაკვეთზე მომუშავე  მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა" - თქვა ამილახვარმა.

განათლების მინისტრის მტკიცებითვე, "სრული სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს ხელფასების გაზრდას ვგეგმავთ 2024 წლის სექტემბრიდან".

"ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, მასწავლებელს ახალი სასწავლო წლიდან, ანუ 2024 წლის სექტემბრიდან გაეზრდებოდა ხელფასი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, დაველოდოთ 2024 წლის სექტემბერს და მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე ვგეგმავთ ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედებას" - თქვა ამილახვარმა.


საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დააანონსა, რომ საარჩევნო წელს მასწავლებლებს ხელფასები საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებოდათ. მისი თქმით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი და აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას.

კომენტარები