არჩევნები 2018

"ქართული ოცნების" ოფისში მერებს და რეგიონების შტაბების ხელმძღვანელებს ხვდებიან

ტაბულა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ შტაბში პარტიის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს და რეგიონების შტაბების ხელმძღვანელებს ხვდებიან. მათ შორის არის კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძეც, რომელმაც თქვა, რომ იქ მუშაობს და სპორტის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

არსებული ინფორმაციით, პარტიის წევრებთან შეხვედრას გენერალური მდივანი კახა კალაძეს მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძეც ესწრებიან.

დედოფლისყაროს მერი ამბობს, რომ პარტიაში შეხვედრაზე მივიდა, თუმცა ვის უნდა შეხვდეს არ იცის.

"შეხვედრაზე ვართ პარტიაში. წინასაარჩევნოდ ჩემთან,დედოფლისწყაროში არაჩვეულებრივი ვითარება იყო, ქალბატონმა სალომემ გაიმარჯვა დამაჯერებლად. პარტიაში მოვედი შეხვედრაზე, ვის უნდა შევხვდე არ ვიცი", - აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

პარლამენტის წევრ გიორგი მოსიძის ინფორმაციით, მუშა პროცესში სამოქმედო გეგმის საბოლოოდ დადგენა მოხდება.

"არის შტაბის შეკრება, რომელსაც უძღვება კახა კალაძე. მიმდინარეობს დაგეგმვა იმ ღონისძიებების,რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. მათ შორის არის შეხვედრა გარკვეული რაოდენობის მერებთან, რომლებთანაც უბრალოდ ჩვეულებრივი მუშა პროცესია, რომელზეც მოხდება საბოლოოდ დადგენა სამოქმედო გეგმის", - ამბობს დეპუტატი.

ცნობისთვის, გუშინ, 5 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ ვიდეოში პარტიის "ძველ გვარდიასაც" მიმართა, რომლებმაც, მისი თქმით, "შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში".

"საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები