საქართველო-ნატო

იშინგერი: დროა შევიმუშავოთ ნათელი გზამკვლევი ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციის მონაწილეებს გერმანიიდან მიმართა. ვიდეო ჩართვაში მან საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე ისაუბრა:

"საქართველოს პროგრესი რეფორმებში და საქართველოს წარმატებული ძალისხმევა ნატოსთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ შთამბეჭდავია.

დროა შევიმუშავოთ ნათელი გზამკვლევი ნატოში სამომავლო გაწევრიანებისათვის და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. საქართველოს ჰაერში გამოკიდებული დატოვება, ნათელი გზამკვლევის გარეშე წინ წასასვლელად, საფრთხის ქვეშ დააყენებს არა მხოლოდ საქართველოს სიტუაციას. ეს ასევე საფუძველს გამოაცლის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სანდოობას." თქვა მან.

ვოლფგანგ იშინგერმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებსა და რუსეთის როლზეც ისაუბრა:

"შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა უკანასკნელ წლებში უფრო გაიზარდა. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიამ ყურადღების ფოკუსი დააბრუნა თქვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ეს რეგიონი რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების მთავარი სცენა და მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანია.

რუსეთი რეგიონში მზარდ სტრატეგიულ დაინტერესებას გამოხატავს. ჩვენ ვნახეთ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპაცია, მე ვგულისხმობ 2008 წლის ზაფხულში კონფლიქტის შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წლის გაზაფხულზე და კონფლიქტური სცენარები აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლებიც ამ დრომდე არ დასრულებულა.

რუსეთი ფიგურირებს დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის საკითხებშიც. მე მოველი, რომ რუსეთი გააგრძელებს მის მცდელობებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე პერმანენტული წვდომის მისაღებად, რათა დაუპირისპირდეს ნატოს და აშშ-ს როლს. მოველი, რომ რუსეთი შეეცდება გაზარდოს მისი სამხედრო ძალები ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. ასევე მოველი, რომ რუსეთი გააგრძელებს დესტაბილიზაციის მცდელობებს დასავლეთ ბალკანეთში.

და ამ დროს, ნატოს სტრატეგია უფრო თავშეკავებულია. მართალია, რომ ბრიუსელში ნატოს ბოლო სამიტზე დაადასტურეს შავი ზღვის რეგიონში ახალი სტრატეგიის აუცილებლობა. რეგიონში ნატოს ყოფნა უნდა გაძლიერდეს."

წარსულში ვოლფგანგ იშინგერი საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის(MAP) მიცემას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, მიმდინარე წლის 4 სექტემბერს Der Spiegel-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:

"ჩვენ სერიოზულად არ ვიღებდით ამას [ვლადიმირ პუტინის აგრესიულ რიტორიკას]. მათ შორის მეც. ჩვენ ვცდილობდით ყურადღება არ მიგვექცია 2008 წელს საქართველოში ომისათვის და, პრინციპში, ვდილობდით რეალობის უარყოფას 2014 წლის მარტამდე, ყირიმის ანექსიამდე. შემდეგ, ეს უკვე შეუძლებელი გახდა."

 

კომენტარები