საქართველო-ნატო

ჯეიმს აპატურაი: ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ვაშაძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსი ერთგულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და ნატო-საქართველოს ურთიერთობის. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა.

ჯეიმს აპატურაიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აგრეთვე, აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იყო. მისი განცხადებით, აღნიშნული პროცესი დასრულებული არ არის და უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით, ხელისუფლების გადაცემის პროცესს მთელი საერთაშორისო საზოგადოება თვალს ყურადღებით მიადევნებს.

”ვიცით, რომ ახალი ხელისუფლება აკეთებს აქცენტს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯებესებასა და ნატოში ინტეგრაციის თაობაზე. რუსეთს რაც შეეხება, ეს არის რთული საკითხი. ჩვენთვის მთავარია, რომ კარგი ურთიერთობა იყოს ნატო-საქართველოსა და ნატო-რუსეთს შორის. დარწმუნებულები ვართ, რომ ორივე მიმართულებით შევძლებთ ურთიერთობების დამყარებას. არსებითი არის ის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ალიანსის წევრები მიიღებენ.” - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში აღარ არის არც პოსტსაბჭოთა, არც ახალგაზრდა დემოკრატია, არამედ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ფუნქციონირებადი დემოკრატია.

კომენტარები