საქართველო-ნატო

ბიძინა ივანიშვილი ნატოსგან პრინციპული ნაბიჯების გადადგმას ელოდება

ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების სახით საქართველომ გამოცდა ჩააბარა და ახლა იგი ნატოსგან პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ელის. ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ჩავაბარეთ ძალიან საინტერესო გამოცდა, რასაც ჰქვია არჩევნები. ამით განისაზღვრებოდა ჩვენი პერსპექტივა. ახლა მათ უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან იმისათვის, რომ საქართველოს ნატოში რეალური გაწევრიანება უახლოეს მომავალში მოხერხდეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს, რაც აუცილებელი მოთხოვნაა ალიანსის წევრი ქვეყნებისათვის.” - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის თქმით, აგრეთვე, ყველაფერი გაკეთდება რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მისი თქმით, ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა საამაყოა და საქართველო აგრძელებს ამ ოპერაციაში მონაწილეობას.

ჯეიმს აპატუირაიმ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი ადასტურებს ნატოს სურვილს, საქართველო ალიანსის წევრი გახდეს. ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ვაშაძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი ერთგულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

 

კომენტარები