არჩევნები 2018

რუსთაველზე წინა ხელისუფლების დროს "შვილმოკლულთა საგანგებო შტაბი" გაიხსნება

2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, რუსთაველის გამზირზე შეიქმნება "წინა ხელისუფლების დროს შვილმოკლული მშობლების" საგანგებო შტაბი. მეტრეველმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების წინააღმდეგ, ბრძოლას იწყებენ. პრესკონფერენციას იური ვაზაგაშვილის და, სულხან მოლაშვილის მამა, გია კრიალაშვილის და და ვახტანგ მაიასაიას ცოლი ესწრებოდნენ.

"გადავწყვიტეთ, საგანგებოდ შევკრებილიყავით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ სასტიკად განადგურებული ოჯახის წევრები. მინდა, მოგმართოთ იმ ადამიანებს, იმ კეთილგონიერ ხალხს, რომლებმაც 2012 წლის გამარჯვება მოვიტანეთ ჩვენი დიდი ბრძოლით, სისხლით და დღეს ​ვდგავართ რეალურად იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებიან ჯალათები, ბრუნდებიან სისხლიანი სააკაშვილი და მისი რეჟიმი.

ვქმნით საგანგებო შტაბს, რომელიც იქნება რუსთაველის გამზირზე, მისამართს გამოვაცხადებთ. ყველა მხარდამჭერს შეეიძლება მოვიდეს, დაფიქსირდეს და გამოხატოს საკუთარი ნება“, - თქვა მეტრეველმა პრესკლუბ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ორი თვეა, რუსთაველის გამზირზე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის აქციები მიმდინარეობს. მათ რამდენჯერმე პოლციიასთან დაპირისპირებაც მოუვიდათ იმის გამო, რომ სამართალდამცველებმა საწვიმარის გაშლის უფლება არ მისცეს. ზაზა სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს.

არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. ზურაბიშვილმა ვაშაძეს ხმების მხოლოდ 0.9%-ით გადაუსწრო.

მეორე ტურის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ის, მაქსიმუმ 1-2 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები