სიკვდილით დასჯა

საუდის არაბეთმა ინდონეზიელი მოახლე, რომელმაც მოძალადე დამსაქმებელი მოკლა, სიკვდილით დასაჯა

ABC

საუდის არაბეთში ინდონეზიელი მიგრანტი, რომელიც მოახლედ მუშაობდა სიკვდილით დასაჯეს.

ქალს სიკვდილით დასჯა 2011 წელს, დამსაქმებლის მოკვლის გამო მიუსაჯეს. ის ამბობდა, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა, რადგან დამსაქმებელი მასზე სექსუალურად ძალადობდა.

ქალის სიკვდილით დასჯის შესახებ ინდონეზიის მთავრობას ინფორმაცია არ ჰქონია, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა.

სიკვდილით დასჯამდე ერთი კვირით ადრე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდონეზიას ეწვია და თავის კოლეგას და ქვეყნის პრეზიდენტს, ჯოკო ვიდოდოს სამუშაოდ წასული მიგრანტების უფლებებზე ესაუბრა. გასულ თვეს ქვეყნებმა შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი ინდონეზიიდან სამუშაოს საძიებლად წასული მიგრანტების ერთობლის მონიტორინგსა და შეფასებაზე, თუმცა, ამ შემთხვევის შემდეგ მიგრანტთა უფლებების დამცველი ჯგუფები მთავრობას მოუწოდებენ დატოვონ შეთანხმება, რადგან საუდის არაბეთი მის პირობებს არ ასრულებს.

ეს უკანასკნელი სამი წლის მანძილზე უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც საუდის არაბეთი ინდონეზიელ მიგრანტს ქვეყნის მთავრობის გაფრთხილების გარეშე სიკვდილით სჯის.

ამჟამად საუდის არაბეთს სიკვდილით დასჯა კიდევ 18 ინდონეზიელი მიგრანტისათვის აქვს მისჯილი.

კომენტარები