არჩევნები 2018

ფოფხაძე: ნუ გამოვცდით სახელმწიფოს სიძლიერეს, არ შევუშვათ ტროას ცხენი სასახლეში

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელიც ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება იქნება "რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ", ოპოზიციონერ კანდიდატს "ტროას ცხენს" უწოდებს. მისი მტკიცებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რევანშისტულად არის განწყობილი და "მაინცდამაინც, დოკუმენტური ფილმის მონაწილეები ნუ გავხდებით". დეპუტატის სცენარით, გრიგოლ ვაშაძე ყოფილ მაღალჩინოსნებს შეიწყალებს, რის შედეგადაც, "ჩვენ მისი სახით ვიღებთ ტროას ცხენს, როდესაც შედის პრეზიდენტის სასახლეში, მისი მუცელი იღება და იქიდან გადმობარგდებიან ეს ჩემს მიერ დასახელებული ბატონები იმ ზონდერებთან ერთად".

ტაბულამ გედევან ფოფხაძეს ჰკითხა, "ქართულ სახელმწიფოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ადამიანის თუნდაც პროვოკაციის მცდელობა აღკვეთოს? იმდენად სუსტია ქართული სახელმწიფო, რომ შესაძლებელია, სამოქალაქო ომი დაიწყოს?". ამაზე ქართული ოცნების დეპუტატი პასუხობს, რომ აქ სახელმწიფოს სისუსტეზე არაა საუბარი.

"ქართული სახელმწიფო ინსტიტუციურ დონეზე საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ცალკეულ, თუნდაც მძიმე გამოწვევეს გაუძლოს. მაგრამ თუ მსგავსი რამ დაიგეგმება მასშტაბურ დონეზე და ამას ექნება ის ნოყიერი ნიადაგი, რაზეც მე ვსაუბრობ, ეს ადამიანები არიან ამაზე წამსვლელები. მე არ ვიცი, ეს კონკრეტულად რა შედეგს გამოიწვევს, მაგრამ თქვენ გინდათ, რომ გამოცადოთ ქართული სახელმწიფოს სიმტკიცე? მე საზოგადოებას ვაყენებ ამ რეალობის წინაშე, რომ ნუ გამოვცდით სახელმწიფოს სიძლიერეს. მე არ გამოვრიცხავ არც საბოტაჟს ძალოვან სტრუქტურებში, არც პროვოკაციებს, და არც იმის ალბათობას, რომ სააკაშვილმა ვიღაცეები მოისყიდოს ძალოვან სტრუქტურებში და შეეცადოს პროვოკაციებს. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ჯობია, წინასწარ, პრევენციულად ვიმსჯლოთ ამ საკითხებზე და ისე მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ნუ გავრისკავთ" - ამბობს ფოფხაძე.

ტაბულამ დეპუტატს შეახსენა, რომ ქართულ ოცნებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ხელისუფლების ყველა შტო მას ეკუთვნის. კითხვაზე, "თქვენ მოსახლეობას მაინც ეუბნებით, რომ თუნდაც დესტაბილიზაციის მცდელობის შემთხვევაში, მათ ვერ დაიცავთ, ამიტომ აირჩიონ უნდა თქვენი კანდიდატი?", გედევან ფოფხაძე პასუხობს, რომ მისი სცენარი რეალურია.

"მოსახლეობას დავიცავთ თუ ვერ დავიცავთ, ეს სცენარი, ჩემი აზრით, რეალურია. კაი, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასეთი მყარია ქართული ინსტიტუტები და შეიძლება, ეს სცენარი არ განხორციელდეს, სცადოს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის რეალური საფრთხე, სააკაშვილი და მისი გარემოცვა არის ამ პროვოკაციაზე წამსვლელი, რა დონეზე განვითარდება ეს პროცესი და რას გამოიწვევს, ჯობია, არ გავხადოთ ერთგვარი ტესტის საგანი. ჯობია, ეს ძალა, რომელიც რევანშისტულადაა განწყობილი, არ იყოს ამ უფლებამოსილებით და ამ რესურსით აღჭურვილი, ვერ გამოიყვანოს თავისი მოძალადე თანაგუნდელები ციხეებიდან. ნუ შევქმნით იმის საფრთხეს, რომ ეს ადამიანები თავზე დაესხან სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფო უსაფრთხოებას, თორემ გაუძლებს სახელმწიფო ინსტიტუტები ამ გამოცდას თუ ვერ გაუძლებს, მე მიმაჩნია, რომ ჯობია, ჩვენ ჩავაბაროთ მოქალაქეობრივად ჩვენი გამოცდა სწორად, ვიდრე ექსპერიმენტი დავდგათ" - ამბობს ფოფხაძე.

კითხვაზე, "6 წელია ხართ ხელისუფლებაში და მაინც ეჭვი გეპარებათ, რომ ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ექვსი წელია მართავთ, გაუძლებს თუ არა ნაციონალური მოძრაობის ზეწოლას?", დეპუტატი პასუხობს, რომ მოსახლეობამ "ტროას ცხენი" პრეზიდენტის სასახლეში არ უნდა შეუშვას.

"თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჯობია, ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ეს პოლიტიკურ წრეში გადავიტანოთ, ვერ დაგეთანხმებით. ვერც ერთ იმ ადამიანს ვერ დავეთანხმები, ვინც ნაციონალურ მოძრაობას განიხილავს როგორც პოლიტიკურ ძალად. პოლიტიკური ძალა არის შირმა, გაერთიანებული ოპოზიცია არის შირმა და ამ შირმის უკან დანაშაულებრივი ძალა დგას. ეს არის ტროას ცხენი, რომელიც ამ ადამიანების შეყვანას ცდილობს პოლიტიკურ სივრცეში და ეს ადამიანები მერე კანონებს არ დაიცავენ. გინდათ, გამოცადოთ სახელმწიფო ინსტიტუტები? მე გეუბნებით, ჯობია, მოვიქცეთ ისე, როგორც უნდა მოიქცეს მოქალაქე, მოძალადე ძალას არ მისცეს ხმა და ეს ტროას ცხენი არ შეუშვას პრეზიდენტის სასახლეში" -აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

აღსანიშნავია, რომ გედევან ფოფხაძის მსგავსად, "არეულობის" საფრთხეს ხედავს მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. მისი შეფასებით, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება დესტაბილიზაციას გამოიწვევს, "ვინაიდან ვაშაძე ციხიდან მწამებლების გამოშვებას აპირებს". სესიაშვილი ამბობს, რომ პროცესი დაიძაბება და ის "პირველი ჯარისკაცი იქნება, ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, მწამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს". ასე ფიქრობს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გიორგი ლომიაც. მისი თქმით, "სამოქალაქო ომის წინაშე ვდგავართ, სისხლისღვრა უნდა ავიცილოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ნაციონალურმა მოძრაობამ არ გაიმარჯვოს".

მმართველი გუნდის დეპუტატების განცხადებებს სახიფათოს უწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია. ევროპულმა საქართველომ დღეს ხელისუფლებას მოუწოდა, "გადააბიჯოს საკუთარ თავს და დაგმოს სამოქალაქო ომზე საუბარი".

გვიან საღამოს, ჟურნალისტების კითხვაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ "არანაირი სამოქალაქო ომი არ იქნება". 

"არ ვიცი, ვინ რა თქვა, ქართული ოცნება არ დაუშვებს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ამის გარანტი არის პარტია ქართული ოცნება, ამის გარანტი არის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება" - თქვა კალაძემ.

ტაბულას კითხვას, "ანუ არ ეთანხმებით თანაგუნდელების მოსაზრებას?", თბილისის მერმა არ უპასუხა.

კომენტარები