არჩევნები 2018

იმედი: ვცვლით საეთერო ბადეს და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ენმ-ის რეჟიმი

იმედი

ტელეკომპანია იმედი წინასაარჩევნოდ სამაუწყებლო ბადეს ცვლის. მათი განცხადებით, "ეს პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს "ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა". ტელეკომპანიის ინფორმაციით, ტოქ-შოუ "პირისპირ“ ეთერში ორჯერ გავა, ასევე, წინასაარჩევნოდ „იმედის“ ეთერში იწყება ახალი გადაცემა "იმედი Live“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია იქნება.  

"ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ „იმედი“ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი.

რა ხდება მაშინ, თუ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იმარჯვებს. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერაბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად, ნაციონალური მოძრაობა ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ წარსული ისევ რეალობად იქცეს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი "იმედისთვის“ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა" - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. 

კომენტარები