არჩვნები 2018

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას დღეს გააკეთებს

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველ განცხადებას გააკეთებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, დღეს 20:00 საათზე მისი განცხადება პირდაპირ ეთერში იქნება.

რას იტყვის საპრეზიდენტო კანდიდატი, უცნობია. ტაბულა პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

მეორე ტურში გადასულ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების შედეგების შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. გუშინ, 29 ოქტომბერს მან სახლთან მისული ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და ზურგი შეაქცია.

"როცა დავაპირებ, გეტყვით", - თქვა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავდნენ. თავად ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ ეს გამარჯვების წინაპირობაა, მაგრამ ცესკო-ს შედეგებს უნდა დაველოდოთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით კი, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება.

კომენტარები