ანგელა მერკელი

მერკელი: 2021 წელს ვადის დასრულების შემდეგ პოლიტიკური პოსტისათვის აღარ ვიბრძოლებ

ანგელა მერკელი
AFP

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თქვა, რომ 2021 წელს, ვადის გასვლის შემდეგ თანამდებობას დატოვებს და პოლიტიკური პოსტისათვის აღარ იბრძოლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დეკემბერში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს აღარ იყრის, თუმცა კანცლერის პოსტზე დარჩენას აპირებს.

მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისიმა პარტიამ ჰესენის მხარეში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში 1966 წლის შემდეგ ხმათა ყველაზე დაბალი რაოდენობა მიიღო. მათ ხმათა მხოლოდ 27%-ის მოპოვება შეძლეს, 11-ით ნაკლები, ვიდრე 2013 წელს. შემცირდა მერკელის სამთავრობო კოალიციის პარტნიორის, სოციალ დემოკრატიული პარტიის რეიტინგიც. მათ ხმათა 20% მიიღეს. მესამე ადგილზე მწვანეთა პარტიაა 19.5%-ით ხოლო მეოთხეზე ულტრა-მემარჯვენე, პოპულისტური პარტია "ალტერნატივა გერმანიისათვის" 12%-ით.

მიმდინარე თვეს ქრისტიან დემოკრატიული პარტიის მოკავშირემ, ბავარიის ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა ადგილობრივ არჩევნებში 1950 წლის შემდეგ ხმათა ყველაზე დაბალი რაოდენობა აიღო.

2013 წელთან შედარებით მათი პოპულარობა 10%-ით შემცირდა და ხმათა მხოლოდ 37% დააგროვეს. 1957 წლის შემდეგ პარტიამ პირველად დაკარგა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ პარლამენტში.

მერკელის თქმით ის პარტიის შემცირებულ რეიტინგზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და შემცვლელის დასახელებას არ აპირებს.

მერკელი ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს, ხოლო გერმანიის კანცლერის პოსტს 2005 წლიდან იკავებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში გერმანიაში გამართულ არჩევნებში ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიული პარტიამ (CDU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 1949 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს.

კომენტარები