არჩევნები 2018

ცესკო: ედისონ რისერჩს არც ერთი არჩევნების დროს არ უცნობებია, რომელ უბნებზე ატარებდა კვლევას

ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხობს ნიკა გვარამიას ბრალდებას იმის შესახებ, რომ უბნები, სადაც "ედისონ რისერჩი" ეგზიტპოლებს ატარებს, "ქართული ოცნებისთვის" გახდა ცნობილი.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ იცის კონკრეტულად რომელ უბნებზე ატარდება ინეტრვიუები და ცდილობს ხელი შეუშალოს ეგზიტპოლს. გვარამიას თქმით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მხოლოდ ცესკო-ს ჰქონდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი ამბობენ, რომ როცა მათ "ედისონ რისერჩმა" ეგზიტპოლის შესახებ აცნობა, პარალელურად ყველა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებს სთხოვა. ანა მიქელაძის თქმით, ამის შემდეგ კომისიებში წერილობითი შეტყობინებები გაიგზავნა. უწყების პრესსპიკერი ხაზს უსვამს, რომ "ედისონ რისერჩის" მიერ არც ერთი არჩევნების დროს არ ყოფილა მიწოდებული ინფორმაცია კონკრეტული უბნების შესახებ, სადაც ის ეგზიტპოლებს ჩაატარებდა.

"ედისონ რისერჩმა 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცესკოს აცნობა ეგზიტპოლის ჩატარების შესახებ და მიმართა თხოვნით, ყველა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ცესკოს მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული კვლევების შესახებ, რათა კომისიებს მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი ინტერვიუერებისათვის სამუშაოს შესრულების პროცესში. ცესკომ გაითვალისწინა კომპანიის თხოვნა და დროულად გაუგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას. ეს ინფორმაცია მარტივად შეიძლება გადამოწმდეს უშუალოდ ედისონ რისერჩთან, ვინაიდან, აღნიშნული საინფორმაციო წერილის ასლი ასევე მიეწოდა ამ კომპანიას. ედისონ რისერჩის მიერ არასდროს და არც პრეზიდენტის არჩევნების ეგზიტპოლებისთვის არ ყოფილა ცესკოში მოწოდებული ინფორმაცია იმ შერჩეული უბნების შესახებ, სადაც ტარდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ასევე შესაძლებელია უშუალოდ დაადასტუროს ედისონ რისერჩმაც", - ამბობს ანა მიქელაძე.

კომენტარები