არჩევნები 2018

ცესკო: ზუგდიდში ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდში, ინგირის N94-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია. ცესკო-ს პრესსპიკერის თქმით, უწყებამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაცია გადაამოწმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ზუგდიდში, ინგირის №94-ე საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები. კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ამავე უბნის ამომრჩეველი და მან თავად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათი ინფორმაციით ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია", - ამბობს ანა მიქელაძე.

მისივე ინფორმაციით, ბოლნისის 4 საარჩევნო უბანზე, კერძოდ №27-ე, №34-ე, №35-ე და №36-ე უბნებზე, ერთ-ერთი სუბიექტის წარმომადგენლები საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში გაფრთხილების შემდეგაც ერეოდნენ, რის გამოც ენმ-ის წარმომადგენელს უბანი დაატოვებინეს.

"მიიღეს გაფრთხილება და 3 უბანზე აღმოიფხვრა პრობლემა, ხოლო №27-ე უბანზე, იქიდან გამომდინარე, რომ გაგრძელდა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა, კომისიამ წარმომადგენელს დაატოვებინა უბანი", - ამბობს ცესკოს პრესსპიკერი.

გარდა ამისა, ანა მიქელაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალქალაქის №46-ე უბანზე კომისიის წევრს თავმჯდომარემ ტელეფონი გაუტეხა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესი დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს.

"კომისიის წევრს ჰქონდა მცდელობა, რომ გადაეღო არასაჯარო ინფორმაცია. მცირე გაუგებრობის შემდეგ ვითარება გაირკვა და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დიდუბის №28-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები დაიკარგა, სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ, ანა მიქელაძე ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები თუ იქნება, მას შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან.

"კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვა დარღვევაა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციაში არ შედის და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები მიიღებენ და შეისწავლიან მსგავს ფაქტებს", - ამბობს ანა მიქელაძე.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ცესკო-ს თავმჯდომარეს ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ რამდენიმე წუთის წინ პირადად მიაწოდა.

კომენტარები