არჩევნები 2018

ბოკუჩავა: ირაკლი კობახიძე არის სრულ აგონიაში

ტაბულა

კობახიძე არის სრულ აგონიაში - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომლის თქმით, ენმ-ის წარმომადგენლები ბოლნისში რამდენიმე უბანზე არჩევნების ჩაშლას გეგმავენ.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება დააანონსა. 

"კობახიძე არის სრულ აგონიაში და ეს ჩვენ ვიხილეთ მის გუშინდელ განცხადებაში, სადაც მან ფაქტობრივად დააანონსა არჩევნების გაყალბება, როდესაც თქვა, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა იმ ეგზიტპოლს, რომელსაც ატარებს "ფსიქო პროექტი". ეს პროექტი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და არ იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, როდესაც აქვეყნებს კვლევებს. განსხვავებით სხვა კვლევითი ორგანიზაციებისა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ატარებს ეგზიტპოლს და აქვეყნებს კვლევის შედეგებს.კობახიძის განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ ხალხი შეაგუოს გაყალბების შედეგს. ეს შეუძლებელია, რადგან ხალხი გაყალბებას არ შეეგუება ",- ამბობს ბოკუჩავა. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავჯდომარემ თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბოლნისში სერიოზულ პროვოკაციებს გეგმავს. 

"დაგეგმილი აქვთ ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში N27-ე, N54-ე, N40-ე და N43-ე უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა, კანონდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს პასუხს ასეთ კანონდარღვევაზე. აპირებენ უბნის ჩაშლას, დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით არის განსაზღვრული უმკაცრესი სანქცია, კანონმდებლობით და ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად უმკაცრესი ფორმით" - ამბობს კობახიძე.

კომენტარები