არჩევნები 2018

შსს: მარნეულში ერთერთ საარჩევნო უბანზე ინციდენტის გამო ორი ადამიანი დავაკავეთ

ცესკო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარნეულში, ერთერთ საარჩევნო უბანზე ინციდენტის გამო, ორი ადამიანი დააკავა.

"მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რ-ნის სოფ. იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ აღნიშნულ უბანზე. დადგინდა, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრი ფ.კ.-ს და პარტია ქართული ოცნების წევრს ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ.

პოლიციის არაერთი მოთხოვის მიუხედავად დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი - არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

კომენტარები