არჩევნები 2018

პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

გლდანის ციხე
AFP

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, 10 საარჩევნო უბანი 28 ოქტომბერს 08:00 საათიდან გაიხსნება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ნაწილი, გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს ხმას.

"საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლები. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სააგიტაციო მასალების განთავსების წესის შესრულების მონიტორინგს ამ მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფი ახორციელებს, რომლის შემადგენლობა და უფლებამოსილება ცესკო-ს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით არის განსაზღვრული. სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს." - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ, 28 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები