გორში მოკლული ბავშვი

8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული 2004 წელს 11 წლის ბიჭის გაუჩინარებისთვის დააკავეს

qartli.ge

რადიო თავისუფლების ცნობით, გორში 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 2004 წელს 11 წლის ბიჭის გაუჩინარებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. "თავისუფლებას" ინფორმაცია ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მიაწოდა. მისი თქმით, გორის რაიონულმა სასამართლომ ის მაშინ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საკითხში გაამართლა და მხოლოდ თანხის გამოძალვის ნაწილში მიიჩნია დამნაშავედ. 

2004 წელს დაკარგული 11 წლის ბიჭი დღემდე გაუჩინარებულია.

იაგო ნებიერიძე 2004 წელს დაკავებული იყო. მაშინ სახალხო დამცველი ციხეში ნაცემი პატიმრის საქმის გამოძიებას ითხოვდა. 

ფაქტს, რომ ნებიერიძე წლების განმავლობაში დაპატიმრებული იყო, ნებიერიძის დედაც ადასტურებს. როგორც მან Qartli.ge-ს უთხრა, მისმა შვილმა 9-წლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა. მისივე თქმით, ბრალდებული სასჯელს იხდიდა ძალადობისა და ტელეფონის წართმევის გამო.

ინფორმაცია, რომ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი წარსულში ნასამართლევია,შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. "1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს” - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე პენიტენციური სამსახური პერსონალური მონაცემების დაცვის მიზეზით, ტაბულას არ აწვდიან ინფორმაციას იაგო ნებიერიძის პატიმრობის მიზეზის შესახებ, არ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია, რამდენჯერ და რის გამო იყო ნასამართლევი ნებიერიძე. 

8 წლის გოგო გორში 25 ოქტომბერს, დღისით, გაუჩინარდა. მისი ცხედარი იმავე ღამეს მდინარე ლიახვის პირას იპოვეს. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

კომენტარები