2018 წლის არჩევნები

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად განმარტა ყველა აქტუალური საკითხი

ქართული ოცნება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა: ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ პრესკონფერენციაზე, გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ავღანეთში ჩატარებულ კენჭისყრასა და ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ჯარისკაცები მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ, ასევე ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო კვლევებზე, რომელიც რუსთავი 2-ის დაკვეთით "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა და რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი გრიგოლ ვაშაძეს აქვს. 

კალაძის თქმით, ივანიშვილმა დღეს ამომწურავად განმარტა ყველა აქტუალური საკითხი. 

მერმა ასევე თქვა, რომ სამწუხაროდ მიაჩნია, რომ "ეს საარჩევნო კამპანია არსებითად ფარული ჩანაწერების ფონზე წარიმართება."

"არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ ცნობს თუ არა ამ ჩანაწერის ავთენტურობას, მისი უტყუარობის მთავარი მტკიცებულება სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებია,"- ამბობს ის.

კალაძისვე თქმით, ქართული ოცნება ქართული საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მინიმალურ დონეზეც ვერ შეიტანოს არეულობა და დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ავღანეთში, ქართული ოცნების სამხედრო ბაზაზე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით:

"იმ ადამიანების სახელით მანიპულირება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი სამშობლოს ღირსებას მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, არის ყველაზე დიდი სიმდაბლე, რასაც პოლიტიკოსმა შეიძლება მიმართოს, თუმცა, სააკაშვილისგან ჩვენ ამაზე დიდი სიმდაბლეც არაერთი გვახსოვს და შესაბამისად, მისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საამაყო სამხედროები გასცემენ საკადრის პასუხს სააკაშვილის ამ სიმდაბლეს 28 ოქტომბერს", - თქვა კალაძემ. 

მან რ2-ის დაკვეთით, ედისონ რისერჩის კვლევაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ის სრულად არის აცდენილი პოლიტიკურ სინამდვილეს და გაუყალბებელი სოციოლოგიური კვლევის თანახმად სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს არჩევნებს". 

კომენტარები