კრიმინალი

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობისთვის წარსულში ნასამართლევი, 34 წლის მამაკაცი დააკავეს

flickr

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობისთვის 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

"ეს მძიმე ტრაგედიაა სრულიად საქართველოსთვის. ცხელ კვალზე გატარებული მოქმედებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ი.ნ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ასევე იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ თითოეული ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა საეჭვო სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. მტკიცებულებების საფუძველზე, ი.ნ დაკავებულია, საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება გრძელდება და დაველოდოთ შედეგებს" - განაცხადა საბანაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული არის მუშა, რომელიც სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. გოგო სახლიდან დღის პირველ ნახევარში ცეკვაზე წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებს, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები