ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ყველას შურს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის, ამბობენ - "როგორ ახერხებთ"

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს საგარეო მდგომარეობის და კურსის "ყველას შურს". ჟურნალისტებთან შეხვედრისას, "იმედის" წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ ივანიშვილს ჰკითხა, საქართველო დაცულია თუ არა საგარეო საფრთხეებისგან. მან ლუგარის ლაბორატორიაც მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ ამას რუსეთის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი "საგანგაშოს" უწოდებენ. 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, "საფრთხეები ყოველდღიურია, საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, დღეს თუ ნახავთ საქართველოს კურსს და საქართველოს მგომარეობას, მაგალითებს ვერ მოგიყვანთ და ვერც პიროვნებებს დაგისახელებთ, მაგრამ ყველას შურს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის, ვისაც მე ვიცნობ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, სულ ყველა ნახევრად ხუმრობით, ნახევრად შურით და შექებით ამბობენ, რომ "როგორ ახერხებთ".

ქართული ოცნების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორი და მეგობარია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ერთერთი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო  - ამერიკის შეერთებული შტატები.

"არასდროს არ ყოფილა ასე ახლო ურთიერთობა ჩვენი ქვეყნისა ამერიკასთან. ასევე ევროპის მიმართულებით... უაღრესად ახლოს ვართ ჩვენ ფასეულობებით ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, ყველასთან დაბალანსებული. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მოვახერხოთ, არა ჩვენი ტერიტორიების სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენი დიდ მეზობელთან და მაქსიმალური მცდელობა უნდა მივმართოთ ამ მიმართულებითაც.

რა თქმა უნდა, ლუგარის ლაბორატორია და მსგავსი გამონათქვამები სიმართლეს არ შეესაბამება, არავითარი ქიმიური თუ ბიოლოგიური ცდები არ ტარდება, ეს არის ცილისმწამებლური გამონათქვამი, საპირისპირო განცხადებები ჩვენი მხრიდან ბევრი გაკეთდა. ვფიქრობ, რომ ეს საკითხები დავიწყებულია, ეს არის დიდი პოლემიკის ნაწილი, რაც აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს" - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები