სიძულვილის ენა

MDF: ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს

MDF

ყველაზე მეტი (59) დისკრიმინაციული განცხადება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს. ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო ანგარიშშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, პარტიის წარმომადგენლებს მცირედით ჩამორჩებიან პრეზიდენტობის კანდიდატები (49), ხოლო კანდიდატებისა და პარტიების მიმართ 11 ასეთი განცხადება გაკეთდა. 

პრეზიდენტობის მსურველებიდან, ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატს კახა კუკავას (19) ეკუთვნის, საიდანაც უმეტესობა მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული. მეორე ადგილზეა ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომლის 9 კომენტარიდან უმეტესობა (6) ქსენოფობიური იყო, 2 ჰომოფობიური და 1 თურქოფობიური. დამოუკიდებელი კანდიდატის ბესარიონ თედიაშვილის განცხადებები (7) მიგრანტების (5) წინააღმდეგ იყო მიმართული, ასევე თურქოფობიური (2) შინაარსის იყო.

"სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების - გიორგი ანდრიაძე (5), კახაბერ ჭიჭინაძე (4) და ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატის გელა ხუციშვილის (2) მიერ გაკეთებული განცხადებები შედარებით ნაკლები იყო და ძირითადად ქსენოფობიური ხასიათის. მმართველი პოლიტიკური პარტიის “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან 2 შემთხვევაში ქსენოფობიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების შემთხვევა გამოიკვეთა, 1 შემთხვევაში კი, მას ადრე გაკეთებული ქსენოფობიური კომენტარი გაუხსენეს" - ნათქვამია ანგარიშში.

პოლიტიკური პარტიებიდან კი, სიძულვილის ენის მხრივ პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსი” ლიდერობს (30), რომელსაც მოსდევს “ქართული დასი” (13). მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან 5 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა, ხოლო ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან - 4. 

წინასაარჩევნო პერიოდში (1 აგვისტო - 15 ოქტომბერი) სამონიტორინგო მედიით ჯამში 117 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა, აქედან ყველაზე დიდი წილი (47,9%, 56 კომენტარი) ქსენოფობიურ, მიგრანტების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებზე მოდის, რომელსაც მოსდევს თურქოფობია (16,2%, 19), ჰომოფობია (14,5%, 17), რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (10,3%, 12), ძალადობის წახალისება (6,8%, 8), შუღლის გაღვივება (1,7%, 2), გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია (1,7%, 2) და რასიზმი (0,9%, 1)

მედიამონიტორინგის დაკვირვების საგანი იყო სიძულვილის ენა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები და პარტიები გამოხატავდნენ, ასევე კანდიდატებისა და პარტიების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა.

ანგარიშში მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე ძალადობის წახალისების შემთხვევებია შესული და არა პოლიტიკური ოპონირების ფარგლებში გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარები.

მონიტორინგი 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედია. მედიის განვითარების ფონდი აკვირდებოდა 5 ტელევიზიის საინფორმაციო და ანალიტიკურ გამოშვებას (საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე), რუსთავი 2 (კურიერი, P.S.), იმედი, (ქრონიკა, იმედის კვირა), მაესტრო (საინფორმაციო გამოშვება), და „ობიექტივის“ საინფორმაციო გამოშვება. 5 ტელევიზიის თოქ-შოუს (რუსთავი 2 (არჩევანი), იმედი (პირისპირ), იბერია (თავისუფალი სივრცე) ობიექტივი (ღამის სტუდია, ოქროს კვეთა), კავკასია (ბარიერი, სპექტრი). 7 ონლაინ გამოცემას (საქინფორმი, ნეტგაზეთი, ინტერპრესნიუსი, საქართველო და მსოფლიო, PIA, კვირის პალიტრა, და მარშალპრესი), 4 გაზეთს (რეზონანსი, პრაიმ თაიმი, ასავალ-დასავალი, ალია). მინიტორინგში ასევე მოხვდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სოციალურ ქსელში გამოვლენილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა რამდენიმე დისკრიმინაციული განცხადება.

კომენტარები