სიძულვილის ენა

MDF: 2018 წელს სიძულვილის ენის მთავარი წყაროები პრორუსული პარტიები და კრემლისტური მედია იყო

მედიის განვითარების ფონდის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, სიძულვილის ენის მთავარ წყაროს პრორუსული პარტიები და კრემლისტური მედია წარმოადგენდა. MDF მედიას 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე აკვირდებოდა. მონიტორინგის პერიოდში 1 814 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა, აქედან ყველაზე დიდი წილი 44,2% ქსენოფობიაზე მოდის. ჰომოფობიური განცხადებების საერთო რაოდენობა 40,4% იყო, რასაც რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (8,5%) და სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის გაღვივება (4%) მოსდევს. რასისტული შინაარსის განცხადებები კი ყველაზე დაბალი – 3% იყო.

ორგანიზაციის დაკვირვებით, 2016-2017 წლების მონაცემებთან შედარება აჩვენებს, რომ ზოგადად ქსენოფობიური გზავნილების დინამიკა მზარდია.

"მიუხედავად მცირედი კლებისა 2018 წელს, თითქმის უცვლელია ბოლო 2 წლის ჰომოფობიური, ასევე რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული კომენტარების რაოდენობა, ხოლო რასისტული შინაარსის შეფასებები 2017 წელთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია. ქსენოფობიური გზავნილებიდან ყველაზე დიდი წილი ანტიმიგრანტურ კომენტარებზე მოდის, რასაც თურქოფობიური განცხადებები მოსდევს" - აღნიშნავს MDF.

ანგარიშის მიხედვით, სიძულვილის ენის წყაროებში პირველ ადგილს მედიის წარმომადგენლები იკავებენ. მცირე განსხვავებაა პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წევრების მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს შორის.

ყველზე ხშირად სიძულვილის ენის მედია წყაროები კრემლისტური გამოცემა, "საქართველო და მსოფლიო" და საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“, ეთნო-ნაციონალისტური გაზეთი „ასავალდასავალი“ და „ალია“, პრორუსულ პოლიტიკურ პარტია "პატრიტოთა ალიანსთან“ დაკავშირებული ტელევიზია „ტვ ობიექტივი“ იყვნენ. მედიები, რომლებიც სარედაქციო კომენტარებში სიძულვილის ენით გამოირჩეოდნენ, რესპონდენტებსაც იდენტური სარედაქციო სტანდარტით არჩევდნენ.

პოლიტიკური ძალებიდან სიძულვილის ენის წყაროდ ყველაზე ხშირად პრორუსული პარტიები - პატრიოტთა ალიანსი, ქართული დასი, თავისუფალი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის გვევლინებიან.

"ამასთანავე მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან ერთად, სიძულვილის ენის წყაროებში ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობასაც ვხვდებით.

გამოიკვეთა 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებს ყველზე ხშირად ავრცელებდა.  პირველ ადგილს „ქართული მარში“ იკავებს. სასულიერო პირების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰომოფობიაზე მოდის, რასაც რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და ქსენოფობია მოსდევს. საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული კომენტარები კი მეტწილად ქსენოფობიური შინაარსის იყო"- წერია ანგარიშში.

კომენტარები