არჩევნები 2018

მაკრახიძე ზურაბიშვილისთვის შეწირულ 50 000 ლარზე: ჩემს გოგოს და მეგობრებს გამოვართვი

ick.ge

პარლამენტის გორის მაჟორიტარი დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი იოსებ მაკრახიძე რადიო მოზაიკასთან ამბობს, რომ 50 ათასი ლარი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს შესწირა, თავის შვილს და მეგობრებს გამოართვა. 

მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი 7 სექტემბერს შესწირა. 

მის ქონებრივ დეკლარაციაში დეპუტატის ანგარიშზე უძრავი ქონება და 5 ათასი ლარია მითითებული. ასევე აქვს 14 ათასი ლარის კრედიტი ვითიბი ბანკში. მისი ცოლის ანგარიშზე - 47 ათასი აშშ დოლარია. 

მაკრახიძემ რადიო მოზაიკას უთხრა, რომ "მაგდენი ფული არ ჰქონდა" და შვილს და მეგობრებს ამიტომ გამოართვა. 

იოსებ მაკრახიძე შპს იბოლიას მეწილეა. იბოლია გზების მშენებლობით არის დაკავებული. სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების, ასევე რამდენიმე ადგილობრივი მედიის მიხედვით, შიდა ქართლში გზის სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერებს უმეტესად სწორედ მაკრახიძის და მისი ცოლის კომპანიები იგებენ. 

მაკრახიძე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო - მან პარტიას 100 ათასი ლარზე მეტი შესწირა. 

2017 წლის ივლისში მაკრახიძემ სტუდია მონიტორს უთხრა, რომ "მაშინ ის მთავრობა იყო და იამს აფინანსებდა და კიდე ვინც იქნება, იმასაც დააფინანსებს".

კომენტარები